1-10 სექტემბერს, „ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი“ მეშვიდედ გაიმართება
1-10 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში „ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი“ მეშვიდედ გაიმართება.
ამის თაობაზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა.
ფესტივალი პირველ სექტემბერს, ბათუმის დრამატულ თეატრში ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნება. შესრულდება სენ-სანსის მეორე საფორტეპიანო კონცერტი. საფესტივალო ორკესტრს მაესტრო დავით მუქერია უდირიჟორებს.
ქართველი პიანისტის, იუნესკოს არტისტის ელისო ბოლქვაძის მოწვევით, ბათუმს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ეწვევიან. ფესტივალი 10 სექტემბერს გალაკონცერტით დასრულდება.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა. საქართველოს რეგიონებიდან შერჩეული ახალგაზრდა მუსიკოსები მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურ მასტერკლასებში, გამორჩეულები კი, როგორც წინა წლებში, მიწვეული იქნებიან საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებსა და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 300-მდე ახალგაზრდის მონაწილეობით, მუსიკალური არტ-ბანაკი ჩატარდება.