„დახვრეტილი საქართველო“ – ახალი ფილმი, რომელიც ზვიად გამსახურდიას მომხრეთა დარბევის იშვიათ კადრებს შეიცავს

საქართველოს ხელოვნების სასახლემ, მუზეუმში დაცული უნიკალური ვიდეო, აუდიო და საარქივო დოკუმენტების საფუძველზე, მოამზადა დოკუმენტური ფილმი – „დახვრეტილი საქართველო“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმში პირველად იქნება ნაჩვენები, 1992 წლის 3 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მასობრივი დარბევის იშვიათი კადრები.
„საქართველოს პირველი პრეზიდენტის მომხრეთა მიტინგების დარბევის დროს ათობით მშვიდობიანი მომიტინგე დაიღუპა, მათი უმეტესობა ახალგაზრდა იყო, თუმცა გარდაცვლილთა ვინაობა ფართო საზოგადოებისთვის დღემდე ცნობილი არ ყოფილა.
ფილმში პირველად საუბრობენ გარდაცვლილი მომიტინგეების მშობლები, შვილები და ახლობლები. დოკუმენტური ფილმი, მუზეუმში დაცული ვიდეოკადრების გარდა, „ვაშინგტონ პოსტის“ საკუთრებაში არსებულ უნიკალურ საარქივო მასალაც შეიცავს“, – აცხადებენ ხელოვნების მუზეუმში.
„დახვრეტილი საქართველო“ პრეზიდენტ გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელს მიეძღვნა, ამავე თარიღთან დაკავშირებით, 28 ოქტომბერს, ხელოვნების სასახლეში დიდი გამოფენა გაიხსნება, იგეგმება ფილმის სატელევიზიო პრემიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები