რაჭაში, სხვავაში, ზურაბ ჯაფარიძის ხსოვნის საღამო გაიმართა
რაჭაში, სხვავაში, პოეტ ზურაბ ჯაფარიძის ხსოვნის საღამო გაიმართა.
ამის თაობაზე სოციალურ ქსელში ინფორმაციას პოეტის და – მანანა ჯაფარიძე ავრცელებს.
„ჩემი ძმის, ზურაბ ჯაფარიძის შემოქმედების, პოეზიის საღამო-გახსენება…
დიდი მადლობა ამბროლაურის მთავარ ბიბლიოთეკას, ამბროლაურის ზურაბ ჯაფარიძის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკას, ამბროლაურის კულტურის ცენტრს და ამბროლაურის მუნიციპალიტეტს.
საღამოს ბევრი თქვენგანი დაესწრო. მისი მიმდინარეობის დროს ბევრი ემოცია ცვლიდა ერთმანეთს, ამინდმაც არ დააყოვნა – ღონისძიების დროს ტყიდან მობერილმა სიომ წამიერად წვიმა მოიტანა, მაგრამ მალევე მზე გამოვიდა და მისმა სხივებმა გაათბო და გაანათა სხვავა.
თითქოს ზურას სულიც წამიერად შემოგვიერთდა, მიეფერა თავის სტრიქონებს და იქ დამსწრე საზოგადოებას.
სიხარული და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ, ჩემო რაჭველებო იმისთვის, რომ ზურას არ ივიწყებთ და მის სახელს და შემოქმედებას აცნობთ მომავალ თაობას.
ფოტოები და ეზოს დიზაინი ეკუთვნის ჩემს შვილიშვილს, ანიკას“, – წერს მანანა ჯაფარიძე.
პოეტმა ზურაბ ჯაფარიძემ 30 წლის ასაკში ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.
1995 წლის 10 ნოემბერს პირიქითა ხევსურეთიდან დათვისჯვრის უღელტეხილზე ფეხით გადმოსულს ქარიშხალმა მოუსწრო… შატილიდან 37 კილომეტრი თოვლსა და ქარბუქში მარტომ იარა… ხახმატთან შემოუღამდა, ვეღარ მიაღწია სოფლამდე, ხეობაში, მდინარე არაგვში ლოდთან ჩახუტებული გაიყინა.