ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში ლელა თათარაიძისა და ბერელიძეების საოჯახო ანსამბლის კონცერტი გაიმართება

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში, 2 სექტემბერს, 20:00 საათზე, კონცერტს ლელა თათარაიძე და ბერელიძეების საოჯახო ანსამბლი გამართავს.  ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, კონცერტი კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდება  და შესრულდება თუშური და რაჭული ხალხური სიმღერები.
ლელა თათარაიძე მსმენელმა თუშური სიმღერების გარმონზე გამორჩეულად შესრულების, განუმეორებელი ხმის გამო შეიყვარა. არაერთი ჯილდოსა და ოქროს მედლის მფლობელია. ბევრი სიმღერისა და მუსიკალური ნაწარმოების ავტორმა ყველასთვის დაუვიწყარი თუშური მელოდიები დაამუშავა. მონაწილეობდა საფრანგეთში, ქალაქ დისა და მონპელიეში გამართულ ქართული კულტურის დღეებში. არჩეულია ქალაქ დომ-რემის საპატიო მოქალაქედ.
ლელა თათარაიძეს გამოცემული აქვს: სოლო გრამფირფიტა „ვერცხლის – თასამდაც მაქცია“; ლაზერული დისკები – „დილის ჯანღი“ და „სამციხის ღამე“.
ამჟამად ხელმძღვანელობს კვარტეტ „კესანეს“.
ბერელიძეების საოჯახო ანსამბლს ბევრი წლის ისტორია აქვს. ოჯახი რაჭაში, სოფელ საკაოში ცხოვრობს. იხსენებენ, რომ დიდი ბაბუების დროიდან ტრადიცია იყო ოჯახის ყველა წევრს ემღერა. ლევან ბერელიძე ტრადიციის გამგრძელებელია. ნიკორწმინდის ეპარქიაში მგალობელ-მომღერალთა გუნდი ,,ნიკორწმინდა” ჩამოაყალიბა. ასევე, მუშაობს ფოლკლორის ცენტრის ამბროლაურის სალოტბარო სკოლის რეგენტად. მისი თქმით, სიმღერის სიყვარული ბებიამ და მამას ასწავლა. დედა, მამა, მეუღლე, შვილები, ძმა, ძმის ოჯახი – მათ ოჯახში ყველა მღერის.

ფოლკლორის ცენტრის გალერეაში 30 სექტემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება ფოტოები, ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონანტები, ნაქარგობები, მინანქარში შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსისა და თექის ნიმუშები.

მხარდამჭერები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი; TV Imedi, წმინდა მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი; „ეკო გარდენი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები