საქართველოში ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, ალექსი მაჭავარიანის მე-6 კვარტეტი პირველად შესრულდა

თბილისი-ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის “ღამის სერენადები- 2019” ფარგლებში, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალურ სასწავლებელში კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტის კონცერტი გაიმართა. კვარტეტის შემადგენლობაში შედიან ახალგაზრდა მუსიკოსები: კონსტანტინე ეროიანი – პირველი ვიოლინო, დავით აკოფიანი – მეორე ვიოლინო, ეკატერინე კაზარიანი – ალტი, გიორგი ნადარეიშვილი – ჩელო. კონცერტზე წარმოადგინეს დიმიტრი შოსტაკოვიჩის მე-8-ე სიმებიანი კვარტეტი და ალექსი მაჭავარიანის მე-6-ე კვარტეტი (დაუსრულებელი), რომელიც პირველად შესრულდა საქართველოში.
კონცერტი საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა და მას ფართო საზოგადოებასთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამუსიკო სასწავლებლების აღსაზრდელები და პედაგოგები ესწრებოდნენ. კონცერტის საპატიო სტუმრები მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე იყვნენ. კონცერტზე დასწრება თავისუფალი იყო.
ფესტივალის მთავარი დირიჟორის, ვახტანგ მაჭავარიანის, თქმით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კვარტეტის პრემიერა ღამის სერენადების” ფესტივალის ფარგლებში შედგა.

“მას შემდეგ, რაც ალექსი მაჭავარიანი გარდაიცვალა, მე აღმოვაჩინე მისი დაწერილი მთელი რიგი ხელნაწერი ნაწარმოებები, რომელთა არსებობის შესახებ არამც თუ საზოგადოებამ, მეც კი არ ვიცოდი. ძალიან მიხარია, რომ მამაჩემის დაუსრულებელი კვარტეტის პირველი შემსრულებლები იყვნენ ისეთი ნიჭიერი მუსიკოსები, როგორებიც არიან კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტის წევრები. მე აღფრთოვანებული ვარ მათი შესრულებით და თითოეულ მათგანს დიდ მუსიკალურ კარიერას ვუწინასწარმეტყველებ. ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ მამაჩემის კვარტეტის პრემიერა შედგა “ღამის სერენადების” ფესტივალის ფარგლებში, რადგანაც ლიანა ისაკაძე იყო ალექსი მაჭავარიანის ნაწარმოებების პირველი ინტერპრეტატორი და ბრწყინვალე შემსრულებელი”,-განაცხადა ვახტანგ მაჭავარიანმა.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი ისაკაძემ, მადლობა გადაუხადა ახალგაზრდა მუსიკოსებს და წარმატებები უსურვა მათ.
“უდიდეს მადლობას ვუხდი კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტის ახალგაზრდა მუსიკოსებს, რომლებმაც ბრწყინვალედ გაართვეს თავი ამ ურთულეს მისიას. შოსტაკოვიჩის მერვე კვარტეტი და ალექსი მაჭავარიანის მეექვსე დაუსრულებელი კვარტეტი არაჩვეულებრივად შეასრულეს ახალგაზრდებმა. დიდი კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ კონცერტს ჰქონდა საგანმანათლებლო ხასიათი და მას დაესწრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუსიკალური სასწავლებლების პედაგოგები და აღსაზრდელები. წარმატებებს და დიდ მუსიკალურ წინსვლას ვუსურვებ მათ”,-განაცხადა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა.
პირველი მევიოლინეს, კონსტანტინე ეროიანის თქმით კი მისთვის დიდი პატივი იყო ლიანა ისაკაძის ფესტივალში მონაწილეობის მიღება.
“ჩვენთვის უდიდესი პატივი იყო ქალბატონი ლიანა ისაკაძის ფესტივალში მონაწილეობის მიღება. ასევე დიდი პატივია, რომ ბატონი ვახტანგ მაჭავარიანი დაგვთანხმდა, შეგვესრულებინა ალექსი მაჭავარიანის მე-6 კვარტეტი, რომელიც პირველად გახლდათ წარმოდგენილი. ჩვენ ასევე შევასრულეთ დიმიტრი შოსტაკოვიჩის მერვე სიმებიანი კვარტეტი. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო განსაკუთრებულად თბილ ბათუმელ მსმენელს”,-აღნიშნა კონსტანტინე ეროიანმა. ცნობისათვის, ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია “არტ ალიანსი”.
ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი, მთავარი პარტნიორები კი არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია “არდი”.
პარტნიორები – კომპანია „თელასი“; ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი; ქართული ბრენდი “მარი გოლდი”; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა”; კომპანია “სარაჯიშვილი”; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი “ლუტეცია”, “არომატეკა”, “პალმა აპარტამენტი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები