რადიოდადგმა „პრეზიდენტის კატა“ PRIX EUROPA-ს ნომინანტებს შორის მოხვდა
რადიოდადგმა „პრეზიდენტის კატა“ მოხვდა PRIX EUROPA-ს მხატვრული რადიოს განხრით ნომინანტებს შორის. ევროპის მაუწყებელთა ფესტივალის ჟიურიმ გურამ ოდიშარიას რომანის მიხედვით შექმნილ პიესას მიანიჭა უპირატესობა. ამ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოთეატრის პროექტის – „დაინახე, რაც გესმის“ ფეისბუქგვერდი ავრცელებს.
ცნობილი ქართველი მწერლის რომანის „პრეზიდენტის კატის” მიხედვით შექმნილი რადიოპიესა მოგვითხრობს მიხეილ ბღაჟბაზე, რომელიც მეოცე საუკუნის სამოციან წლებში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას ხელმძღვანელობდა.
ის მეტად არაორდინალური პიროვნება იყო. მისი მართველობის სტილი, მისი იუმორი, ადამიანებისადმი დამოკიდებულება ბევრისთვის გაუგებარი დ უცნაური იყო.
რადიოდადგმაში გამოყენებული დოკუმენტური ჩანაწერები, მუსიკალური მელოდიები, იუმორისტული ეპიზოდები და ორიგინალური სადღეგრძელოები ქმნის წინააღმდეგობით სავსე ეპოქის დამახასიათებელ ატმოსფეროს. ზუსტად ამ ეპოქაში არსებობდა ბღაჟბას მსგავსი პიროვნება, რომელსაც შეეძლო დაპირისპირებულ მხარეებს შორის საერთო ენის გამონახვა.
ევროპის მაუწყებელთა პრესტიჟული ფესტივალი 1987 წლიდან ყოველ წელს ტარდება. საზოგადოებრივი რადიო PRIX EUROPA-ზე 2013 და 2015 წლებშიც იყო ნომინირებული, რადიოსპექტაკლით „შარვლიანი ღრუბელი“ (ავტორი ზურაბ კანდელაკი) და რადიოსპექტაკლით „ნირვანაში ჩაკარგულები“ (ავტორი კატო ჯავახიშვილი).