არხოტის ხეობის სოფელ ამღაში მთის ფესტივალი გაიმართება
31 აგვისტოს, 18:00 საათზე, ხევსურეთში, არხოტის ხეობის სოფელ ამღაში, მთის ფესტივალი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის მიზანი მოსახლეობისგან დაცლილი მთის სოფლების გაცოცხლებისა და გაძლიერების ხელშეწყობაა.
ამღა ხევსურეთის მენაპირე სოფელია. გამორჩეულია თავისი სტრატეგიული მდებარეობითა და ისტორიით.
ფესტივალში მონაწილეობენ: ლელა თათარაიძე, დები გოგოჭურები, თორნიკე სხიერელი, ანსამბლი „რიჰო“, ლეილა აჭიშვილი, ხასო ხანგოშვილი.
ფესტივალის ფარგლებში, ქისტ და ხევსურ ახალგაზრდებს შორის, ძმად გაფიცვის უძველესი რიტუალი შესრულდება, რომელიც სულ მცირე 50 წელია აღარ ჩატარებულა.
ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ცნობილი ინგუში მწერალი ისა კაძოევი, რომელიც საქართველოში „მთის ამბების“ მოწვევით ჩამოდის. იგი ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებას კავკასიელ ხალხთა ურთიერთობების შესახებ სიტყვით მიმართავს.
ფესტივალს გაუძღვებიან ფოლკლორისტები – ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.
ღონისძიებაზე მოხდება ამირან არაბულის ახალი წიგნის წარდგენა, რომელიც არხოტის ხეობისა და არხოტიონების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
15:00 საათზე, არხოტში დოღი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მხედრები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი კუთხეებიდან.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან – ონლაინგამოცემა „მთის ამბები“ და მთის სათემო ქსელი (ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაცია), რომლის უშუალო ძალისხმევითაც, რამდენიმე დღის წინ, არხოტის ხეობაში პირველად შევიდა ინტერნეტი და კომუნიკაციის საშუალება გაჩნდა.