ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიება, შესაძლოა, კარლსრუეს პროკურატურას გადაეცეს, რომელიც უცხო ქვეყნის აგენტების საქმიანობას სწავლობს
გერმანიის ქალაქ კარლსრუეს ფედერალური პროკურატურა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ გამოძიებას ყურადღებით აკვირდება.
ამის შესახებ უწყების წარმომადგენელმა განაცხადა.
„მჭიდრო კონტაქტზე ვართ ბერლინის მართლმსაჯულების ორგანოებთან“,- განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.
იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულნი, საქმეს სწორედ კარსლრუეს პროკურატურას გადასცემენ, რადგან ის უცხო ქვეყნის აგენტების საქმიანობას იძიებს.
მანამდე გახდა ცნობილი, გამოძიება თვლის, რომ მომხდარის სავარაუდო მიზეზია, შეკვეთილი მკვლელობა, რომელთანაც კავშირში შესაძლოა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები იყვნენ.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში მოაბიტის რაიონში 23 აგვისტოს მოკლეს. თავდამსხმელი მას ველოსიპედით მიუახლოვდა და მაყუჩიანი პისტოლეტით თავში ესროლა, ამის შემდეგ კი მიმალვა სცადა.
დაკავებული 49 წლის ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, პროკურატურა მისი დაკავების ორდერს ითხოვს.