საქართველოს აქვს სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ძლიერი ეკონომიკური ზრდა და მყარი საგარეო პოზიცია. შესაბამისად, გლობალური შოკების გავლენა საქართველოზე ლიმიტირებული იქნება მიუხედავად იმისა, რომ ამ შოკებმა გავლენა ყველა ქვეყანაზე მოახდინა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში, ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამას ადასტურებს ისიც, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არ შემცირებულა.
„ყოველივე ეს განაპირობებს, რომ საქართველო უფრო მედეგი იყოს გარე შოკების მიმართ და ჩვენი მხრიდან ხდება მათი გავლენის მაქსიმალური ნეიტრალიზაცია”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ინფლაციასთან დაკავშირებულ ფაქტორებზე, რომელიც ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ნათია თურნავას განმარტებით, ხისტი ფასების ინდიკატორი 3%-თან ახლოს ნარჩუნდება; სავალუტო ბაზარზე ლარი მეტწილად გამყარების ტენდენციით ხასიათდება, რაც ძლიერი სავალუტო შემოდინებებითაა განპირობებული და თავის მხრივ, ამცირებს იმპორტირებული ინფლაციის გავლენას.
„იმის გათვალისწინებით, რომ საგარეო შოკების გავლენა საქართველოზე შედარებით შეზღუდულია, ვვარაუდობთ, რომ ნავთობის ფასები მიმდინარე დიაპაზონში შენარჩუნდება. შედეგად, ინფლაცია მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან შემცირებას დაიწყებს და მომავალი წლის განმავლობაში 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება. თუმცა, ეს პროგნოზი პირობითია და მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, რომლებიც ჩვენი კონტროლის ფარგლებს სცდება. მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიგნით არსებული რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები აღნიშნული პროგნოზის გაკეთების საფუძველს გვაძლევს”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.