ლიეტუვაში შეიარაღებული ორი რუსი მესაზღვრე დააკავეს
ლიეტუველმა მესაზღვრეებმა რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ორი შეიარაღებული თანამშრომელი დააკავეს.
ტელეარხის LNK-ის ინფორმაციით, რუსი მესაზღვრეები ჯერ კიდევ 23 აგვისტოს გვიან ღამით დააკავეს, თუმცა მედიისთვის მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, პისტოლეტებით შეიარაღებული რუსი მესაზღვრეები ლიეტუვის ტერიტორიაზე ნახევარი კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ. მათი განმარტებით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ ისინი საზღვრის დარღვევაზე რეაგირებდნენ და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე წინასწარი განზრახვის გარეშე მოხვდნენ.
ლიეტუველმა მესაზღვრეებმა რუსები სათვალთვალო კამერების მეშვეობით დააფიქსირეს და დააკავეს, მოგვიანებით კი, რუსულ მხარეს გადასცეს.