ლენტეხში მუკბანიანების კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოების II ეტაპი დაიწყო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და ორგანიზებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულეშში დაიწყო მუკბანიანების საგვარეულო კოშკის მეორე ეტაპის სამუშაოები. სარესტავრაციო პროცესი არქიტექტურული ნაგებობის ქონგურების აღდგენას, მთლიანი კოშკის სახურავის კონსტრუქციის მოწყობასა და მისი ფიქალის ქვით გადახურვას ითვალისწინებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მუკბანიანების კოშკის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს წარიმართა, შესრულებულმა სამუშაოებმა სანახევროდ მორღვეული კოშკის კედლები მოიცვა. ნაგებობის ქვები ახლიდან გადაეწყო და ნაწილობრივ ახალი მასალით ჩანაცვლდა. ფიზიკური სამუშაოების შედეგად ნაგებობის პირველ და მეორე დონეზე მოეწყო ხის სართულშუა გადახურვები. სარეაბილიტაციო პროექტის მე-2 ეტაპის დაწყებამდე კი არქიტექტურული ნაგებობა დროებითი სახურავით გადაიხურა.

საპროექტო გეგმის მიხედვით, საგვარეულო კოშკზე ფიზიკური სამუშაოები, რომელისაც ი/მ ანდრიან მუკბანიანი ასრულებს, 2019 წლის დეკემბერში დასრულდება. 2 წლის მონაცემების მიხედვით სარესტავრაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 68 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები