რუსეთი დასავლეთის მიმართულებით “დაძაბულ ვითარებასთან“ დაკავშირებით ზომებს მიიღებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, უწყება „დასავლეთის სტრატეგიულ მიმართულებაზე არსებულ დაძაბულ ვითარებასთან“ დაკავშირებით რიგ ზომას მიიღებს.
ამის შესახებ შოიგუმ სამინისტროს კოლეგიის სხდომის გახსნის დროს განაცხადა.
შოიგუს თქმით, სამხედრო-პოლიტიკური ვითარება ხასიათდება აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს სამხედრო ყოფნის გაძლიერებით, ასევე, პოლონეთსა და რუმინეთში აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებით, ფინეთსა და შვედეთთან ალიანსის სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებით.
„შესაძლო საფრთხეების ნეიტრალიზების მიზნით, ზომათა რიგ კომპლექსს განვახორციელებთ“, – აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
შოიგუს თქმით, კოლეგიის სხდომაზე 2019-2025 წლების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქების საქმიანობის გეგმის განსაზღვრა მოხდება.
შეგახსენებთ, რომ აშშ პოლონეთში სამხედრო კონტინგენტს გაზრდის, შესაბამისი მოლაპარაკება უკვე დასრულებულია.
რაც შეეხება რუმინეთს – აგვისტოს დასაწყისში ნატო-ში განაცხადეს, რომ ქვეყანაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის, Aegis Ashore-ის გეგმური მოდერნიზება დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები