არჩილ თალაკვაძე ბიძინა გეგიძეზე: ერთი წელი დარჩა არჩევნებამდე და შესაძლოა, მას სურს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა

“არჩევნები ახლოვდება, ერთი წელი დარჩა არჩევნებამდე და შესაძლოა, მას სურს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა, როგორც ხდება პოლიტიკაში, ამისთვის საჭიროა რაღაც პოლიტიკური მიზეზის დასახლება”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უმრავლესობის წევრის, ბიძინა გეგიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა გეგიძეს არასდროს ჰქონია პირადად მასთან და გუნდის სხვა წევრებთან კომუნიკაციის პრობლემა, რათა პრობლემური საკითხები განეხილა.
„რაც შეეხება სუს-თან დაკავშირებულ კითხვებს, რომელიც ამ ბრიფინგის თუ განცხადების შემდეგ დაისვა – მინდა გითხრათ, რომ დეპუტატისთვის, რომელიც არის არჩეული, მით უმეტეს, არის ფრაქციის ლიდერი, ნებისმიერი უწყების მხრიდან შეკითხვები წერილობითი თუ ზეპირი სახის არ და ვერ უნდა გახდეს ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების თუ განცხადებების საფუძველი, როგორზეც მოლოდინები შეიქმნა საზოგადოებაში“, – განუცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბიძინა გეგიძე განმარტავს, რომ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო, გამოძიების ფარგლებში, მის „საქართველოს ფოსტაში“ მუშაობის პერიოდს იკვლევს, სადაც გეგიძე დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.
გეგიძე მიიჩნევს, რომ გამოძიება არ არის სამართლებრივი და ის პოლიტიკურია.
“როგორც გაირკვა, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო 2018 წლის ზაფხულში, ანუ მაშინ, როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი და მქონდა ჩემი კრიტიკული ხედვები, პოზიციები და არგუმენტები პოლიტიკურ პროცესში. პარალელურად, 2018 წლის ივნისის შუა რიცხვებში მოხდა ის, რომ პრემიერმინისტრი, ჩემი მეგობარი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა, 2 აგვისტოს კი დაიწყო ჩემ წინააღმდეგ გამოძიება. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, ვთქვათ, რომ ეს გამოძიება უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას“, – განაცხადა გეგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები