ტრამპი „დიდ რვიანში“ რუსეთის დაბრუნებას გეგმავს? – რა პირობა უნდა შეასრულოს რუსეთმა
რუსეთში საფრანგეთის ყოფილი ელჩის, კლოდ ბლანშმეზონის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, მოსკოვი „დიდ რვიანში“ დააბრუნოს.
საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში 24-26 აგვისტოს „დიდი შვიდეულის“ სამიტი გაიმართება, დღეს კი საფრანგეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას შეხვდება.
თუმცა, ელჩის თქმით, ემანუელ მაკრონი სამიტზე ვლადიმირ პუტინის მიწვევას დანარჩენ ქვეყნებთან შეთანხმების გარეშე ვერ შეძლებს, მაგრამ ამის გაკეთება ტრამპს შეუძლია, რადგან მომდევნო სამიტი 2020 წელს აშშ-ში ჩატარდება.
„სამიტი სულ რაღაც 5 დღეში ჩატარდება და დანარჩენი ქვეყნების გარეშე რუსეთის დაბრუნება შეუძლებელი იქნება, თუმცა, ასეთი მიწვევა შესაძლოა, აშშ-მა მიიღოს. მაკრონი კოლეგებს პუტინთან შეხვედრის შედეგებს გააცნობს. ეს პერსპექტივისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მდგრადი პროგრესი იქნება დაფიქსირებული, კერძოდ, მინსკის შეთანხმების რეალიზების მხრივ, აღნიშნული საკითხის პროგრესს შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა ბლანშმეზონმა.
ტრამპმა კანადაში გამართულ 2018 წლის სამიტზე რუსეთის G8-ში დაბრუნების იდეა გააჟღერა.
რუსეთი G8-ს ფორმატს 2014 წელს მას შემდეგ გამოეთიშა, რაც ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. ამჟამად, სამიტი G7-ის ფორმატში ტარდება.