“ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, სახელმწიფო შეასრულებს ყველა ვალდებულებას და ვიმედოვნებ, კონსორციუმიც შეძლებს ყველა იმ პირობის დაკმაყოფილებას, რომელიც საკუთარ თავზე აიღო”

“სახელმწიფო შეასრულებს იმ ვალდებულებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის განვითარებისთვის, ანუ ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ანაკლიის კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების ვადის კიდევ უფრო გახანგრძლივება.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მშენებელთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ელოდება კონსორციუმის პასუხს. ჩატარდა კონკურსიც, რომელში გამარჯვებულ კომპანიას ექნება ვალდებულება, ააშენოს პორტი იმ ვადებში, რომელიც აუცილებელია.
“ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ფინანსური საკითხების დასრულება, რათა თითოეულ ჩვენგანსა და კონსორციუმს ჰქონდეს განცდა, რომ ფინანსური რესურსი მობილიზებულია პორტის მშენებლობის დაწყებისა და გაცხადებულ ვადებში დასრულებისთვის. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას გამოვაცხადებთ ანაკლიის კონსორციუმისადმი, რომ ეს პროექტი დასრულდეს წარმატებით. ამ პროექტის ასეთ სტატუსში ყოფნა სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. ეს აზარალებს ქვეყანას, ვინაიდან ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, მაგრამ, ამავდროულად, სრული მხარდაჭერა გვაქვს გამოცხადებული ანაკლიის კონსორციუმის მიმართ და მაქვს იმედი, რომ კონსორციუმი შეძლებს ყველა იმ პირობის დაკმაყოფილებას,რომელიც საკუთარ თავზე აიღო”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები