დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე “რუსთავი2-ის” პოტენციურ მყიდველებს აფრთხილებენ – “თქვენ ვერ გახდებით კეთილსინდისიერი შემძენები”

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2-ის“ დამფუძნებლები, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი  ტელეკომპანიის მფლობელის ქიბარ ხალვაშის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც ხალვაში ტელეკომპანიის გაყიდვას გეგმავს.

დვალისა და აქიმიძის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს გადაყიდვების გზით კვალის არევასა და მათთვის სამართლებლივი ბრძოლის გართულებას. მათი თქმით, აღნიშნული ქმედებით  „ქართული ოცნება“ “ნაციონალური მოძრაობის” გზას დაადგა.
„ოცნების ხელისუფლება მისი წინამორბედის გზას დაადგა. ის ცდილობს გადაყიდვების გზით კვალის არევასა და ჩვენთვის სამართლებლივი ბრძოლის გართულებას. დაპირებული სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, მან მიზნად დაისახა „რუსთავი 2-ის“ ივანიშვილთან დაახლოებულ, მისთვის უფრო საიმედო მფლობელისთვის გადაცემა. ეს უკვე ნაცნობი სცენარია, დღევანდელი ხელისუფლება ამ ტაქტიკაში ორიგინალური არ არის.
გვინდა, გავაფრთხილოთ „კონკურსში“ მონაწილეობის პოტენციური მსურველები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ისინი ვერ გახდებიან კეთილსინდისიერი შემძენები. ეს ტელევიზია უკანონოდ წაართვეს მის დამფუძნებლებს, რომლებიც მის დასაბრუნებლად იბრძვიან. ეს დადასტურებულია მთავარი პროკურატურის მიერ, სადაც 2012 წლიდან ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და რომელმაც 2015 წელს დაზარალებულად გვცნო. გამოძიება კვლავ გრძელდება.
როგორც ვერ უშველა გადაყიდვების გზით სამართლებლივი კვალის აბნევის მცდელობამ წინა ხელისუფლებას, ასევე განწირულია ივანიშვილის სურვილი, კანონიერების ელფერი შესძინოს „რუსთავი 2-ის“ ჯიბეში ჩადებას და გაართულოს ჩვენი სამართლიანი ბრძოლა.
ქვეყნისთვის ტრაგიკულია, რომ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაითავისა ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისა და საზოგადოების არსებობისთვის.
„რუსთავი 2-სთვის” ბრძოლა გრძელდება და დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ტელეარხი დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ შეასრულოს დამოუკიდებელი, კრიტიკული და მიუკერძოებელი მედიასაშუალების ფუნქცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები