“ძეგლი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, მაგრამ იატაკი – არ ვიცი” – რა განმარტებას აკეთებს ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი

“ძეგლი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, მაგრამ იატაკი – არ ვიცი, მგონი არ შედის, რადგან არ იყო ძველი”, – ამის შესახებ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ეფრემმა განაცხადა.

მისი განმარტებით, სწორედ ამიტომ არ ჩათვალეს საჭიროდ, იატაკის ფენილის შეცვლის შესახებ საქმის კურსში ჩაეყენებინათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.

„ზოგადად, ეს ქვა, რომელიც იყო, დაგებულია 60-იან წლებში. ჩამოსხმული ბორდიურები არ წარმოადგენს ისტორიულ სიძველეს, არც ისტორიულ მემკვიდრეობას და აქედან გამომდინარე, ამის განახლება მოხდა მარმარილოთი, რომელიც ძვირფასი ქვაა. რა თქმა უნდა, შეთანხმება ყოველთვის ხდება იერარქთან, მაგრამ ჩვენ დავაგეთ ეს და ჩვენი გადაწყვეტილება იყო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის არ მიგვიმართავს, რადგან არ წარმოადგენდა ისტორიული მემკვიდრეობის ნიმუშს. ეს იყო დაახლოებით 50 წლის წინ დაგებული, დაზიანებული ქვები, რომლებიც ორმოებს და მტვერს წარმოადგენდა. შეიცვალა, უბრალოდ. არც ჩაგვითვლია საჭიროდ, რომ ეს რაღაც ნიმუში იყო ისტორიული ძეგლის, რომელიც ზიანდებოდა და ფუჭდებოდა. ძეგლი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, მაგრამ იატაკი – არ ვიცი, მგონი არ შედის, რადგან არ იყო ძველი“,- აღნიშნავს იღუმენი ეფრემი.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობა თვითნებობად და უკანონობად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები