დავით ბაქრაძე ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენას დაანონსებული ახალი არხის შექმნის ხელშეშლის მცდელობად აფასებს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის მიმართ ბრალის წარდგენას გამოეხმაურა. ბაქრაძის განმარტებით, გვარამიასთვის ბრალის წარდგენა პირადი შურისძიება და მცდელობაა მის მიერ დაანონსებული ახალი არხის შექმნაზე ხელის შეშლისა.
„ამ ქვეყანაში, სადაც მარტო წელს, 6 თვეში 735 მილიონი ლარი დაიხარჯა ჩინოვნიკების პრემია-ხელფასებში, სადაც ათეულობით მილიონი ლარი ბიუჯეტის ფული, ხალხის ფული იფლანგება არამიზნობრივად, კორუფციაში, ნეპოტიზმსა და ტენდერებში, კომერციული კომპანიის საქმიანობაზე, ვერ შეფასდება სხვანაირად, თუ არა შერჩევითი მართლმსაჯულება, პირადი შურისძიება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და პარალელურად მცდელობა, ხელი შეეშალოს მის მიერ დაანონსებული ახალი არხის შექმნას. მოდი, შევხედოთ პროცესს დინამიკაში. დღეს ბრალი წაუყენეს „რუსთავი 2-ის“ დირექტორს. გუშინ დაკითხვაზე ჰყავდათ „ტვ პირველის“ მფლობელი, წინა კვირაში ბრალი წაუყენეს ქვეყნის ორ უმსხვილეს ბიზნესმენს, იმის წინ დააპატიმრეს ირაკლი ოქრუაშვილი, მანამდე იმუნიტეტი მოუხსნეს და ბრალი წაუყენეს პარლამენტის წევრ ნიკა მელიას. ყველაფერი ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს – ხელისუფლება შევიდა ბოლო ფაზაში, როდესაც მიაჩნია, რომ რეპრესიებით და ე.წ. მტკიცე ხელის პოლიტიკით შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. ვერ შეძლებს, სინამდვილეში ის მხოლოდ ამთავრებს და აჩქარებს „ქართული ოცნების“ დასასრულს”, – განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები