უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსის სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტის მე-3 ფაზა იწყება
უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტის მე-3 ფაზა იწყება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჯერად არქიტექტურული კომპლექსის ყველაზე კრიტიკული უბნების – ციტადელის გალავნის სამხრეთისა და დასავლეთის ჩამოშლილი კონტრფორსების აღდგენა-გამაგრებას მოიცავს, რომელიც ბუნებრივი პროცესების გამო დიდი ხნის წინ დეგრადირდა.
არსებული მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, კონსტრუქციის სარესტავრაციო მეთოდოლოგია არქიტექტორ-რესტავრატორების მიერ გეოლოგიური კვლევის საფუძველზე განისაზღვრება.
წინასწარი მონაცემებით, ჩამოშლილი კლდოვანი მასივის გამაგრება ანკერული ბურღვებისა და არქიტექტურული წყობის კონსერვაციის გზით წარიმართება.
პროექტის მე-3 ფაზის ფარგლებში განხორციელდება ციხე-ქალაქის ქვედა ტერასის კიდევ ერთი კოშკის რეაბილიტაციაც, რომელიც ახლომდებარე კოშკის მსგავსად სრულად აღდგება. გაგრძელდება არქიტექტურული კომპლექსის ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც, რაც საფეხმავლო ბილიკების, კიბის კონსტრუქციებისა და ტურისტული დანიშნულების დამხმარე ნაგებობების მოწყობას ითვალისწინებს. სრულად განახლდება უჯარმის ვიზიტორთა ცენტრის შენობა, რომელიც შემეცნებით-საინფორმაციო და მულტიმედიური საექსპოზიციო დანადგარებით აღიჭურვება.
წელსვე, უჯარმის ციხე-ქალაქის სრული არქიტექტურული გეგმარების გამოსავლენად არქეოლოგიური პროცესი წარიმართება.
კვლევა-ძიების სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სამსახური განახორციელებს.
განვლილი 2 ეტაპის ფარგლებში კომპლექსის ციტადელი სრულად გაიწმინდა ნაყარი მიწის ფენისაგან. ასევე სრულად აღდგა და ციხე-ქალაქის აღმოსავლეთ ფერდობის გალავნის კედელი. საკონსერვაციო სამუშაოებმა მოიცვა ციტადელის უმეტესი არქიტექტურული წყობები, რომლის რამდენიმე მონაკვეთი მნიშვნელოვნად იყო მორღვეული, ხოლო რიგ შემთხვევებში კი მთლიანად ჩამოშლილი. კონსტრუქციული წყობების გაწმენდისა და კონსერვაციის შემდეგ, უჯარმის ციტადელზე ვიზიტორებისთვის მოაჯირები და გადასახედები დამონტაჟდა. ახლად გამოვლენილ სიმაღლეებზე კი ლითონის საფეხურები და ფლეთილი ქვის ბილიკები მოეწყო. ციტადელის შიდა სივრცე და მიმდებარე ტერიტორია ველური ხის მასებისგან გაიკაფა, რამაც ვიზიტორებს უჯარმის კომპლექსის ვიზუალური აღქმის მეტი საშუალება მისცა. სარეაბილიტაციო პროცესი მუდმივი არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ წარიმართა, რამაც კულტურული ძეგლზე კულტურული ფენების დაზიანების რისკი გამორიცხა.
ციხე-ქალაქის სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტი საშუალოვადიანია და ის სავარაუდოდ 2022 წლისთვის დასრულდება. შ.პ.ს. „იკორთა 2007“-ის მიერ შემუშავებული საპროექტო დოკუმენტაციისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე უჯარმის კომპლექსზე ფიზიკურ სამუშაოებს შპს „ისტორიულ ძეგლთა რეაბილიტაციის ცენტრი“ ახორციელებს.
ძეგლზე მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესი სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნილოლოზ ანთიძემ მონიტორინგის ჯგუფთან ერთად მოინახულა.
უჯარმა ისტორიული ცნობების მიხედვით III-IV საუკუნეთა მიჯნაზე წარმოიქმნა და იმ დროისთვის ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ცენტრს წამოადგენდა. უჯარმის ციხის აღმშენებლობა და განვითარება ძირითადად მეფე ვახტანგ გორგასალის სახელთანაა დაკავშირებული.
არქიტექტურული კომპლექსი რთულ რელიეფზე – 3 ჰა. ფართობზეა გაშენებული. ის ორი ძირითადი ნაწილისგან – ციტადელისა (ზედა დედაციხე) და ქვედა ციხისაგან შედგება. ციტადელი მეფეთა სასახლეს, ჯვარპატიოსნის სახელობის კარის მცირე ეკლესიას, მარანსა და წყალსაცავს აერთიანებს და ოთხკუთხა მასიური კედლების მქონე გალავნითაა შემოსაზღვრული. გალავნის კედლებზე სიმეტრიული დაშორებითაა განთავსებული სწორკუთხა კოშკები. ციხე-ქალაქი ძლიერ დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ქვედა ციხეს თითქმის თავდაპირველი, აუთენტური იერსახე აქვს შენარჩუნებული.