კობა კობალაძე: ომში დაღუპულმა ბიჭებმა, თავგანწირვის ფასად, საქართველოს ღირსება შეუნარჩუნეს

„ჩვენდა სამწუხაროდ, ქვეყნის ღირსება დარჩა ამ პირტიტველა ვაჟკაცების ამარა, რომლებმაც თავიანთი თავგანწირვის ფასად შეუნარჩუნეს ქვეყანას ღირსება“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, კობა კობალაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შეფასებისას ტვ „პალიტრის” გადაცემაში „360°” განაცხადა.
კობალაძის თქმით, სახელმწიფო უწყება გამართულად ვერ მოქმედებდნენ იმ არეალზე, სადაც მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები; ასევე, თავდაცვის სამინისტრო, რომელიც სრულიად მოკლებული იყო ყველა სამხედრო უზრუნველყოფის ნაირსახეობების ეფექტურ მოქმედებას.
„ვერცერთი სახელმწიფო უწყება გამართულად და გეგმაზომიერად ვერ მოქმედებდა იმ არეალზე, სადაც მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები, მათ შორის – თავდაცვის სამინისტრო, რომელიც, ფაქტობრივად, მოკლებული იყო ყველა სამხედრო უზრუნველყოფის ნაირსახეობების ეფექტურ მოქმედებას. ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა – ეს ხდებოდა არცოდნით, თუ ეს ხდებოდა სპეციალურად, წინასწარი განსაზღვრით. როდესაც საუბრობდნენ გულში მჯიღის ცემის რიტორიკით და როცა მრავალმილიონიანი დაფინანსებით იყო ე.წ. სარეზერვო მომზადების პირადი შემადგენლობა მობილიზებული, რეალურად დავინახეთ, რომ არცერთმა მიმართულებამ ეფექტურად არ იმუშავა. ჩვენდა სამწუხაროდ, ქვეყნის ღირსება დარჩა ამ პირტიტველა ვაჟკაცების ამარა, რომლებმაც თავიანთი თავგანწირვის ფასად შეუნარჩუნეს ქვეყანას ღირსება. სად იყო სახელმწიფო ინსტიტუციები, სად იყო ის მრავალმილიონიან ბიუჯეტიანი ინსტიტუციები, როგორიც იყო თავდაცვის სამინისტრო, სხვადასხვა ძალოვანი უწყება?”, – განაცხადა კობა კობალაძემ.
მისი თქმით, რუსეთი რომ მტერი და ოკუპანტია, ამაზე საუბარი არ არის! საუბარია, რამდენად სათანადოდ იყო სახელმწიფოს მოქმედება მტერსა და ოკუპანტთან.
„თავისი უცოდინრობით თუ უპასუხისმგებლობით შეუწყვეს თუ არა ხელი ოკუპანტს კონკრეტულმა მოხელეებმა ან გუნდმა იმას, რომ ყველაზე სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში – აშშ წარმოაჩინეს, როგორც ერთ-ერთი უსუსური მოთამაშე. მათმა მოქმედებებმა ის შედეგი მოიტანა, რომ ქვეყანამ დაკარგა არა მარტო ტერიტორიები, არამედ დაკარგა რეგიონში დომინანტის პოზიცია”, – განაცხადა კობალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები