კობა კობალაძე: იქნებ, სახელმწიფომ არ ამოისუნთქა და კონკრეტულმა პოლიტიკურმა გუნდმა ამოისუნთქა

“იქნებ, სახელმწიფომ არ ამოისუნთქა და კონკრეტულმა პოლიტიკურმა გუნდმა ამოისუნთქა?”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, კობა კობალაძემ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებისას ტვ „პალიტრის” გადაცემა „360°-ში” განაცხადა.

„რა სარგებელი ნახა ქვეყანამ ამ ომით და რა დანაკარგი განიცადა – უნდა გაკეთდეს შეფასება და ანალიზი. იქნებ, შოთა უტიაშვილმა ჩვენზე უკეთესად იცის, რა ამოსუნთქვა იპოვა ქვეყანამ ამით? იქნებ სახელმწიფომ არ ამოისუნთქა და კონკრეტულმა პოლიტიკურმა გუნდმა ამოისუნთქა?”, – კითხულობს პარლამენტარი.
მისი თქმით, იმდროინდელი ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკაზე მორატორიუმი გამოცხადდა., თქვეს, რომ ყველა ერთად დაირაზმებოდა ქვეყნის სიძლიერისთვის, მაგრამ სარგებელი კვლავ კონკრეტულმა პოლიტიკურმა გუნდმა ნახა
„ჩვენ არასდროს ვცდილობთ, ვისწავლოთ ჩვენს შეცდომებზე. დღეს ვუყურებთ პროცესებს, რომლებიც პარლამენტის წინ ვითარდება, სადაც ანტისაოკუპაციო ძალთა აქციები იმართება, მაგრამ იქ აღმოვაჩენთ სახეებს, რომლებიც 2008 წელშიც გარკვეულწილად პასუხისმგებელი იყვნენ ამა თუ იმ მიმართულებებზე, თუნდაც მათი ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მის შვილს, ზუკა ბერძენიშვილს ზაფხულის დასაწყისში აღფრთოვანებით მოუხსენებია მისთვის, რომ „ქვეყანა გეგმავს რაღაც პროცესების განვითარებას ცხინვალის მიმართულებით”; ან შოთა უტიაშვილის განცხადება, რომ თურმე ქვეყანამ ამოისუნთქა იმ პერიოდში – ეს ყველაფერი ხომ თვალთახედვის არეში ვითარდებოდა? ამ ყველაფერს ხომ ჩვენ ვუყურებდით?”, – განაცხადა კობა კობალაძემ.
მისივე თქმით, დღეს გარკვეული პირებისგან კვლავ რიტორიკული განცხადებების მომსწრენი ვართ  იმის მაგივრად, რომ გაითავისონ თუნდაც რაღაცა მცირედი პასუხისმგებლობა იმ ომის დროს განვითარებულ პროცესებზე.
„ისინი ცდილობენ, აგვისტოს თვე იმისთვის გამოიყენონ, რომ საკუთარი თავი სხვა რაკურსით დაანახონ საზოგადოებას. ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია მტერი გარეთ, შიგნით თუ საერთო ნაზავი იქნება. დღეს ხომ, ფაქტობრივად, კვლავ ვხდებით ისტერიკის დღის წესრიგის ჩვენდაუნებური მონაწილე?!” – განაცხადა კობა კობალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები