ხელისუფლების წარმომადგენლები თეთრიწყაროს მოსახლეობას შეხვდნენ

საკანონმდებლო, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდნენ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ – ზაზა ბოხუამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა – შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა – გოდერძი ჩანქსელიანმა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა  სოფელ ასურეთის, ენაგეთისა და შავსაყდარის მოსახლეობას პრიორიტეტული მიმართულებებით უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ გააცნეს ინფორმაცია და ადგილზე არსებული საჭიროებები ერთობლივად განიხილეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს სახელმწიფო პროგრამებისა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ სიახლეებზე. ყურადღება გამახმილდა სოფლად მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიური გაძლიერების მიმართულებით შესრულებულ სამუშაოებზე. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, მიმდინარე წელს  ქვემო ქართლის რეგიონში  783 პროექტი განხორციელდება, ჯამური ღირებულებით – 245 117 658 ლარი; მათ შორის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, 18 749 200 ლარის ღირებულების 129 პროექტის შესრულებაა დაგეგმილი. სამუშაოების ფარგლებში, ადგილზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლების შენობების რემონტი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები და სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებებია.

აღსანიშნავია, რომ, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, სოფელ ასურეთში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ  გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის პროექტის პირველ ეტაპზე 9 აპრილის ქუჩის მოასფალტების და შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები შესრულდა. პროექტის   მეორე ეტაპზე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გერმანელთა სასაფლაოს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შვაბების ქუჩაზე მდებარე XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების ლუთერანული ეკლესიისა და 3 სახლის რეაბილიტაციის პროცესი. 2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით კი, ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელ ასურეთში,  „სხვავის დასახლებაში“ საავტომობილო გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთში, 60 ბავშვზე გათვლილი, ახალი საჯარო სკოლა აშენდება. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც. სოფელ შავსაყდარში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც ადგილობრივებს კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების პირობით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები