“პაციენტს საძილე არტერიაზე არ აღენიშნებოდა პულსი” – ზესტაფონის სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცის სიცოცხლე იხსნა
ზესტაფონის სამედიცინო ბრიგადამ 50 წლამდე ასაკის მამაკაცის სიცოცხლე იხსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.
“ზესტაფონის სამედიცინო ბრიგადამ ქალაქში მდებარე ერთი-ერთი აფთიაქიდან გამოძახება ლოზუნგით -„უგონო“ მიიღო.
გამოძახებაზე მისულ ექიმებს ადგილზე დახვდა იატაკზე მწოლი, 50 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მოქალაქე ზეწოლებს უტარებდა (როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალბატონი რეანიმატოლოგი იყო, რომელიც ამ ფაქტს შემთხვევით შეესწრო).
პაციენტს საძილე არტერიაზე არ აღენიშნებოდა პულსი, ხოლო მონიტორზე ფიქსირდებოდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, სასწრაფოს ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს პაციენტის მართვა პროტოკოლის მიხედვით. რეანიმაციული ღონისძიებების სრულყოფილად ჩატარების შედეგად აღდგა პაციენტის პულსი და სუნთქვა, რის შემდეგაც სასწრაფოს ბრიგადამ ფორსმაჟორით შეიყვანა ქ. ზესტაფონის ერთ-ერთ კლინიკაში.
ამ ეტაპზე, მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თავს კარგად გრძნობს”, – წერია ინფორმაციაში.