ტრამპი ირანის მიმართულებით აშშ-ის მეორე სამხედრო დაჯგუფების გაგზავნის შესახებ აცხადებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდა.
„ამჟამად ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიცურავს. იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას მიაღწევენ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის გარიგებაზეა საუბარი.
ირანის მთავრობის მიერ ქვეყანაში საპროტესტო აქციების ჩახშობის გამო, ტრამპმა ადრე ირანის წინააღმდეგ ძალის შესაძლო გამოყენების შესახებ განაცხადა. The Wall Street Journal-ის წყაროების თანახმად, იგი აშშ-ის მოკავშირეებმა ახლო აღმოსავლეთში – ისრაელმა და არაბულმა ქვეყნებმა დაარწმუნეს, რომ ირანი არ დაებომბა.
ტრამპმა ირანის მიმართულებით დიდი ამერიკული ფლოტილის განლაგების შესახებ 23 იანვარს გამოაცხადა. ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ეს ნაბიჯი „ყოველი შემთხვევისთვის“ გადადგა და იმედოვნებს, რომ ფლოტის გამოყენება არ დასჭირდებოდა.
გარდა ამისა, The Economist-ის ცნობით, აშშ-მ ირანის მახლობლად დამატებითი ძალები და აქტივები განალაგა, მათ შორის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა და Terminal High Altitude Area Defense (THAAD) სარაკეტო თავდაცვის სისტემა.
გუშინ ტრამპმა Axios-ს განუცხადა, რომ ირანმა შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები მოითხოვა.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, დიპლომატიური შეთანხმება შესაძლებელია, თუმცა ირანის სანაპიროსთან ამერიკული ფლოტილია ზომით უკვე აღემატება აშშ-ის მიერ ვენესუელას სანაპიროსთან შექმნილ ფლოტილიას.