სიმართლე ბრიტანულ-ქართული აკადემიის ირგვლივ მიმდინარე დავაზე – ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის კამპანიის მიზნები და მოტივები

საქართველოს კაპიტალის საინვესტიციო მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი და საქართველოს განათლების ჯგუფის ყოფილი დირექტორი, გიორგი კეთილაძე განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

თითქმის ორი წელია ბრიტანულ-ქართული აკადემიის 30%-იანი აქციონერები და ყოფილი მენეჯერები, ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე დავით ცეცხლაძე საჯაროდ ყვებიან და ავითარებენ ნარატივს მათსა და საქართველოს კაპიტალს შორის მიმდინარე დავის შესახებ. მათ მიერ დახატული სურათი არათუ შეცდომაში შემყვანია, არამედ შავი-თეთრზე ტყუილია და ძირითად შემთხვევაში, საკუთარი დანაშაულის და არაკეთილსინდისიერების საქართველოს კაპიტალზე დაბრალებაა.

კომპანიის შიდა პოლიტიკის მიხედვით, საქართველოს კაპიტალი ამ თემის გარშემო არ აკეთებს საჯარო განცხადებებს. იქიდან გამომდინარე, რომ მე გადავწყვიტე საქართველოს კაპიტალისა და საქართველოს განათლების ჯგუფის მენეჯმენტიდან წამოსვლა, და იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წელს, ნათია ჯანაშიასთან პირველი იმეილის გაგზავნიდან დღემდე, მე ვარ ის ადამიანი, ვინც საქართველოს განათლების ჯგუფს და საქართველოს კაპიტალს წარმოადგენდა ამ ამბავთან დაკავშირებულ ყველა პროცესში, თავი ვალდებულად ჩავთვალე, ამ წერილით ნათელი მოვფინო ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან დაკავშირებულ საკითხებს, მოვყვე და ხელმისაწვდომი გავხადო მათთვის, ვისაც რაიმე ფორმით ეხება კომპანიის პარტნიორთა შორის მიმდინარე დავა.

მე ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. 2010 წელს დავამთავრე ეს სკოლა და კარგად მახსოვს მე-11 კლასში ყოფნისას, ახალი დირექტორის, ნათია ჯანაშიას გამოჩენა. მაშინ გავიცანი პირველად მეც და სკოლამაც ნათია. სკოლის დამთავრებიდან 9 წლის შემდეგ, 2019 წელს კი საქართველოს კაპიტალს წარმოვადგენდი, რომელმაც სკოლის 70% შეისყიდა.

დავა ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წელიწადში დაიწყო. მახსოვს, როდესაც კონფლიქტი ახალი დაწყებული იყო, ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის ყოფილი პარტნიორი დამიკავშირდა, რომელთანაც ასევე დავობდნენ და ნათიამ და დავითმა საბოლოოდ წააგეს ის დავა. მან მითხრა: „გიორგი, აი, რომ დაფიქრდები და შენს თავს ეტყვი – ასეთ ტყუილს და უღირსობას ეგ ხალხი არ იზამს, მაგას არ იკადრებენ, იცოდე, რომ მაგასაც იზამენ და უარესსაც“. იმ მომენტში სკეპტიკურად მივიღე მისი ნათქვამი, მე ჩემი ურთიერთობა მქონდა ნათიასთან და დავითთან და ვერ წარმოვიდგენდი, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა. რაც დრო გადის, უამრავი ადამიანი მხვდება, ვისთანაც კონფლიქტში იყვნენ ნათია და დათო, მათი პარტნიორები, მეიჯარეები, კონტრაქტორები, თანამშრომლები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. მათი მოყოლილი ისტორიები მსგავსია – ნათია და დათო მუქარით, ცილისწამებით და მძიმე დანაშაულის დაბრალებით ცდილობდნენ მათ დაჩაგვრას. ახლა ვხვდები, რომ ის ადამიანი მართალი იყო და ხშირად მახსენდება ხოლმე მისი ნათქვამი.

ვიდრე უშუალოდ დავის დეტალებსა და პერიპეტიებს გაგაცნობთ, ბრიტანულ-ქართული აკადემიაში „საქართველოს კაპიტალის“ ინვესტიციების თაობაზე მსურს ორიოდე სიტყვა გითხრათ.

საქართველოს კაპიტალის ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ინვესტიციის მიმოხილვა

2019 წლის ზაფხულში საქართველოს კაპიტალს, ნათია ჯანაშიას და მის მეუღლეს, დავით ცეცხლაძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ნათია ჯანაშიამ და დავით ცეცხლაძემ საქართველოს კაპიტალს დაახლოებით 30 მილიონ ლარად მიყიდეს სკოლის, ბრიტანულ-ქართული აკადემიის 70%. ასევე მხარეებმა დააფიქსირეს მისწრაფება, რომ ინვესტიციას განახორციელებდნენ დამატებით ორი ახალი კამპუსის მშენებლობაში.

ამ ინვესტიციით სკოლის ჯამური მოცულობა უნდა გაზრდილიყო იმ დროს არსებული 750 მოსწავლიდან 3,350 მოსწავლემდე. ეს ინვესტიცია საორიენტაციოდ 88 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, საიდანაც 22 მილიონი ლარი სესხით უნდა დაფინანსებულიყო, ხოლო 66 მილიონი ლარი პარტნიორების მიერ, წილების პროპოციულად. ანუ 46 მილიონი ლარი (ინვესტიციის 70%) საქართველოს კაპიტალის მიერ, ხოლო 20 მილიონი ლარი (ინვესტიციის 30%) ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მიერ.

შედეგად, ნაცვლად სკოლის 100%-ისა ნათიას და დათოს მფლობელობაში რჩებოდა სკოლის 30%, თუმცა ინვესტიციების განხორციელების შემდგომ ეს იქნებოდა 30%-იანი წილი გაცილებით უფრო დიდ კომპანიაში.

ხელშეკრულების მიხედვით, ამ საინვესტიციო გეგმის განხორციელება დაევალათ ნათიას და დათოს, როგორც სკოლის მმართველ მენეჯერებს. მათი პასუხისმგებლობა იყო ახალი კამპუსების პროექტების შედგენა და ბიუჯეტირება, სამშენებლო ნებართვების აღება, სამშენებლო პროცესის მენეჯმენტი და შემდეგ უკვე ახალი სკოლის გახსნა. ნათიასთან და დათოსთან გაფორმდა მენეჯმენტ-ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ისინი 5 წელი სკოლის მართვაში იქნებოდნენ და ყოველწლიურად ხელფასის სახით 1 მილიონ ლარს მიიღებდნენ. ჯამში 5 მილიონი ლარის სახელფასო ანაზღაურებას – 5 წელიწადში.

მსგავსი საინვესტიციო სქემით საქართველოს კაპიტალმა 2019 წლის ზაფხულში კიდევ 2 სკოლის საკონტროლო პაკეტი შეიძინა – მწვანე სკოლა და ბაქსვუდი. 2019 წლიდან დღემდე მწვანე სკოლას 3 ახალი კამპუსი დაემატა, ხოლო მოსწავლეების რაოდენობა 800-დან 4,500-მდეა გაზრდილი. ბაქსვუდში წყნეთის კამპუსის გაფართოება და სპორტული ინფრასტრუქტურის დამატება მოხდა. ბაქსვუდს ასევე ერთი ახალი კამპუსი დაემატა გელოვანზე. მოსწავლეების რაოდებონა 800-დან 1,500-მდე გაიზარდა. ჯამში, 2019 წლიდან, განათლების სექტორში საქართველოს კაპიტალმა 150 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა.

ორივე პარტნიორთან საქართველოს კაპიტალი წარმატებით აგრძელებს თანამშრომლობას და მენეჯმენტ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ორივე მხარის სურვილით, ეს კონტრაქტები მათთან კიდევ რამდენიმე წლით გახანგრძლივდა. განსხვავებით ბრიტანულ-ქართული აკადემიისა, დღესაც ეს ადამიანები მართავენ სკოლებს.

როგორ და რატომ დაიწყო დავა?

საქართველოს კაპიტალი არის საინვესტიციო კომპანია – მისი პორტფელური კომპანიების ზრდა და მათში ინვესტიციების განხორციელება წარმოადგენს კომპანიის მთავარ საქმიანობას. პორტფელურ კომპანიებში დასაქმებულები არიან მენეჯერები, რომელთა მთავარი საქმიანობა ამ კომპანიების მართვა და, მათ შორის, საქართველოს კაპიტალის მიერ განხორციელებული ინვესტიციებით მათი გაზრდაა. თუ მენეჯმენტს პრობლემები აქვს მართვაში და მათ მიერ მართული კომპანიები არ ვითარდება შეთანხმებისა და მოლოდინის შესაბამისად, საქართველოს კაპიტალი, როგორც ნებისმიერი სხვა საინვესტიციო კომპანია,  ამ მენეჯმენტ-გუნდს ცვლის ახლით. თუმცა, ბრიტანულ-ქართული აკადემიის შემთხვევაში მენეჯმენტმა არათუ ვერ უზრუნველყო კომპანიის განვითარება, არამედ ნათიამ და დათომ სკოლას უზარმაზარი ზიანი მიაყენეს.

საქართველოს კაპიტალის მიერ ბრიტანულ-ქართული აკადემიის შეძენიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ნათიას და დათოს მენეჯმენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა:

  1. 2022 წელს, დათომ და ნათიამ, ლისზე განახორციელეს სამშენებლო პროექტი – აშენდა სკოლის ახალი სასწავლო კორპუსი. მშენებლობა დაჯდა 2-ჯერ იმაზე მეტი, ვიდრე ნათიამ და დათომ წარადგინეს ბიუჯეტირების დროს და 3-ჯერ იმაზე მეტი ვიდრე სხვა პროექტების გამოცდილება გვიჩვენებს. ჯამში გადახარჯვამ 4 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.
  2. სკოლის ახალი, მეორე კამპუსის პროექტის განხორციელების პროგრესი არაადეკვატურად ნელი იყო. თავდაპირველ გეგმაში კამპუსი 2022-ში უნდა გახსნილიყო. ნათიას და დათოს მმართველობის პერიოდში გახსნის თარიღი 4-ჯერ გადაიწია: ჯერ 2023-ში, შემდგე 2024-ში, კიდევ 2025-ში და ბოლოს 2026-ში. შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ნათია და დათო პროექტის განხორციელებას მიზანმიმართულად აფერხებდნენ. მათ 5 წლის განმავლობაში სკოლის სახსრებიდან 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს და სკოლის სამშენებლო ნებართვაც კი ვერ მოიპოვეს.

ამ პრობლემების მოსაგვარებლად, ნათიას და დათოს პირადად მე შევთავაზე, რომ გარე, დამოუკიდებელ კომპანიას შეესწავლა ლისზე სამშენებლო პროექტში გადახარჯვის მიზეზები, რათა მსგავსი შეცდომა აღარ განმეორებულიყო. ხოლო ახალი კამპუსის პროექტის განსახორციელებლად სკოლას დაექირავებინა კვალიფიციური, დამოუკიდებელი კომპანია, რომელსაც გამოცდილება ექნებოდა სამშენებლო პროექტების მენეჯმენტში. ამ შეთავაზებაზე გაურკვეველი პასუხი მივიღე – ჯერ იდეა დაიწუნეს, შემდეგ ვითომ მოიწონეს, თუმცა შეთავაზებული კომპანია დაიწუნეს ისე, რომ ალტერნატივა არ წარმოადგინეს.

როდესაც ცხადი გახდა, რომ გარკვეული დროის გასვლასთან ერთად სკოლის მენეჯმენტი უფრო ჩაკეტილი ხდებოდა და დაკისრებულ მოვალეობას თავს არ ან ვერ ართმევდა, კონტრაქტის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე ნათიას და დათოს ოფიციალურად შევატყობინეთ, რომ მათთან მენეჯმენტ-კონტრაქტს აღარ გავაგრძელებდით. ასევე დავუდასტურეთ, რომ მზად ვიყავით, მათთან, როგორც მინორიტარ აქციონერებთან გაგვეგრძელებინა თანამშრომლობა. მათ საშუალება ექნებოდათ, რომ განეხორციელებინათ მათი წილის, 30%-ის პროპორციული თანაინვესტირება, ისე როგორც ეს 2019 წლის შეთანხმებაში იყო დაფიქსირებული.

იცვლებოდა მხოლოდ ის, რომ ნათია და დათო აღარ იქნებოდნენ სკოლის მენეჯერები და შესაბამისად აღარ მიიღებდნენ ყოველწლიურ ხელფასს და აღარ იქნებოდნენ სკოლის სახსრების განკარგვაზე პასუხისმგებელი პირები. მიმდინარე პროექტებს გადაიბარებდა ახალი მენეჯერი, რომლის ამოცანებიც იქნებოდა ახალი კამპუსის პროექტის განხორციელებისთვის ყველა საჭირო სამუშაოს დროულად შესრულება და იმის გარკვევა, თუ რატომ მოხდა 4 მილიონ დოლარიანი გადახარჯვა ლისის კამპუსის მშენებლობაზე.

როდესაც ნათიამ და დათომ, ჩემთან კომუნიკაციაში გაიაზრეს, რომ სკოლის მენეჯმენტში აღარ დარჩებოდნენ, შანტაჟის და მუქარის იმეილი გაუგზავნეს „საქართველოს კაპიტალის“ გენერალურ დირექტორს, ირაკლი გილაურს. ამ წერილში შეხვედრას ულტიმატუმის ფორმით ითხოვდნენ, ისე რომ შეხვედრის შედეგი წინასწარ ჰქონდათ განსაზღვრული და გაცხადებული. ნათია და დათო იმუქრებოდნენ, რომ თუ მენეჯმენტში არ დარჩებოდნენ და საქართველოს კაპიტალი საკუთარ 70%-ს არ დათმობდა, საქართველოს კაპიტალს დიდ რეპუტაციულ ზიანს მიაყენებდნენ.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მათ მიერ დაპირებული ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც აგერ უკვე თითქმის 2 წელიწადია გრძელდება და მოიცავს მედია საშუალებებსა და სოციალურ მედიაში ტყუილისა და სიყალბის გავრცელებას, წნეხს და მუქარას სკოლის თანამშრომლების მიმართ, მშობლების და მოსწავლეების უსაფუძლოდ აღელვებას, საქართველოს კაპიტალის აქციონერების, დირექტორთა საბჭოს, პორტფელური კომპანიების, ინვესტორებისა და მარეგულირებლის მიმართ უწყვეტ მუქარას და ცილისწამებას.

ეს კამპანია საქართველოში რეიდერული შეტევის თვალსაჩინო ნიმუშია, რომლის მიზანიც არაკანონიერად და თაღლითურად სხვისი ქონების დაპატრონებაა, იმ  გარემოებების მიუხედავად, როდესაც ამ ქონებაში 30 მილიონი უკვე გადახდილი აქვს კანონიერ მეპატრონეს.

საბედნიეროდ, ძალადობრივ კამპანიას შედეგი არ აქვს. რადგან ამ ყველაფერს ორი რამ უპირისპირდება, წლების განმავლობაში საქართველოს კაპიტალის მიერ ნაშენები რეპუტაცია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიმართლე.

პირველ შთაბეჭდილებას ნამდვილად ახდენენ ნათია და დათო – „ცოლ-ქმარი, რომელსაც დიდმა საინტვესტიციო კომპანიამ სკოლა წაართვა“ – ასეთი იმიჯის ჩამოყალიბებას ცდილობენ, თუმცა საკითხის უკეთ გაცნობისთანავე, ყველა ხვდება, რომ საქმე არა დაზარალებულებთან, არამედ ავანტიურისტებთან და გამომძალველებთან აქვთ, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან, ოღონდ მეტი მიიღონ.

ღირებულებებზე, სკოლის განვითარებაზე, განათლების პრიორიტეტებზე საუბრის უკან ფულის გამოძალვის დაუოკებელი სურვილი იმალება. ყველამ უკვე კარგად იცის, რომ მათ სურთ 30 მილიონად გაყიდული სკოლის 70% უკან მიითვისონ და, შანტაჟით და მუქარით, რაც შეიძლება მეტი ფული გამოსძალონ საქართველოს კაპიტალს.

უხეშად დეფამაციური კამპანიის ფარგლებში, ნათიამ და დათომ, ასევე მათმა იურისტებმა კონტრაქტის გარშემო უამრავი ტყუილი გაავრცელეს მედიაში. მინდა, ამ ტყუილების ძირითად ნაწილს გავცე დასაბუთებული და ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი.

ტყუილი N1: საქართველოს კაპიტალმა არ შეასრულა დაკისრებული საინვესტიციო ვალდებულებები

ნათია, დათო და მათი იურისტები სურათს ისე ხატავენ, თითქოს „საქართველოს კაპიტალი“ მათ დაპირდა ინვესტიციის განხორციელებას სკოლაში და ეს დაპირება არ შეასრულა. მკითხველმა უკვე კარგად იცის, 2019 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში გაწერილია, რომ პარტნიორები მათი წილების პროპორციულად განახორციელებენ საინვესტიციო შენატანებს სკოლის განვითარების საჭიროებიდან გამომდინარე.

შეთანხმებას ნათია და დათო ისე ხატავენ, თითქოს საქართველოს კაპიტალს ჰქონდა ცალმხრივი ვალდებულება, ინვესტიცია განეხორციელებინა სკოლაში და მან ეს ვალდებულება არ შეასრულა. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ სინამდვილეში ნებისმიერი ინვესტიცია, რომელიც სკოლაში განხორციელდებოდა, უნდა მომხდარიყო აქციონერთა წილების პროპორციულად – ინვესტიციის 30% უნდა დაედოთ ნათიას და დათოს, ხოლო 70% საქართველოს კაპიტალს. ფაქტი ისაა, რომ ყოველთვის, როდესაც საქართველოს კაპიტალი ახორციელებდა კაპიტალის შეტანას სკოლაში, ნათია და დათო მათი წილის პროპორციულ შენატანს აკეთებდნენ.

ასევე, არც ერთი თეთრი არ შეუტანიათ ნათიას და დათოს სკოლის კაპიტალში ისე, რომ „საქართველოს კაპიტალს“ წილის პროპორციული შენატანი მყისიერად არ განეხორციელებინა. ამასთან,  ნათიასა და დათოს საქართველოს კაპიტალისთვის კომპანიაში თანხის შეტანის საჭიროებაზე არცერთხელ არ მიუმართავთ, არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად – რისი პირდაპირი ვალდებულებაც ნათიას და დათოს, როგორც მენეჯერებს ჰქონდათ, თუ კომპანია დამატებით სახსრებს საჭიროებდა.

მხარეთა შორის გაფორმებული დოკუმენტებით განსაზღვრული, საორიენტაციოდ 88 მილიონი ლარის ინვესტიცია წარმოადგენდა პირობით ვალდებულებას და დამოკიდებული იყო კონკრეტულ პირობაზე – მშენებლობის ნებართვების მოპოვებაზე,  პროექტის ბიუჯეტზე, ვადებსა და განხორციელებაზე, სკოლის მართვა, მათ შორის, საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის საჭირო პროცესის მენეჯმენტი ევალებოდათ ნათიასა და დათოს (რისთვისაც იღებდნენ ყოველწლიურ სოლიდურ ხელფასს). პროექტები, რომლებისთვისაც განსაზღვრული იყო ინვესტიციების განხორციელება, ჯერ კიდევ სანებართვო ეტაპზეა. არ არსებობს მშენებლობის ნებართვები, ხარჯთაღრიცხვა და ბიუჯეტი, რის საფუძველზეც „საქართველოს კაპიტალს“ ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

მეტიც, არაერთი ექსპერტისგან მოვისმინე, რომ ის არქიტექტურული პროექტები, რომელთა შუალედურ ეტაპზე მიყვანაში ნათიამ და დათომ სკოლიდან 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს, უვარგისია.

საქართველოს კაპიტალმა ყველა დასაბუთებულ და მომზადებულ საინვესტიციო წინადადებაზე შესაბამისი ინვესტიცია განახორციელა! ეს არის სიმართლე.

ტყუილი N2: ოქროყანაში მიწის ნაკვეთი ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძეს უფასოდ უნდა მიეღოთ

საუბარია ოქროყანაში საქართველოს კაპიტალის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ბრიტანულ-ქართული აკადემიის მეორე კამპუსის აშენების სურვილი ორივე მხარეს ჰქონდა.

ნათია და დათო მედიაში ავრცელებენ, რომ მათ ეს მიწის ნაკვეთი უფასოდ ეკუთვნით. ასევე ირწმუნებიან, რომ 2019 წელს ყურადღება არ მიაქციეს ხელშეკრულებას, რომელსაც პირადად ჩემთან ნახევარი წელი ათანხმებდნენ და რომელშიც რამდენიმე მილიონ დოლარიანი მიწის ჩუქების შესახებ არაფერი ეწერა.

ამ მტკიცების საპირისპიროდ, არსებობს როგორც ნათია ჯანაშიას, ისე დავით ცეცხლაძის იმეილები, რომელშიც ისინი მე მიდასტურებენ მიწის ღირებულებას, და რომ ოქროყანის მიწის სკოლის კაპიტალში საქართველოს კაპიტალის მიერ შეტანის შემდეგ, დავითი და ნათია მათი წილის პროპორციულ თანხას სკოლის კაპიტალში შეიტანენ.

უფრო მეტიც, ამ იმეილებში, ჯერ დავითი და შემდგომ ნათია, თხოვნით მომმართავენ, რომ მათი შენატანი არ იყოს ერთიანი, გადახდები 4 ტრანშად დაიყოს და გადანაწილდეს გარკვეულ ვადაზე. თუმცა შემდეგ თავიანთივე თხოვნაზე თქვეს უარი, რადგან მოიგონეს რომ მიწა უფასოდ ეკუთვნოდათ, რადგან მათ ეს უფრო აწყობდათ. ოქროყანის მიწის საკითხი ერთ-ერთი იმ მოგონილ ამბავთაგანია, რომლის გამოყენებითაც ნათია და დათო ცდილობენ, მიიტაცონ მათ მიერ უკვე ერთხელ გაყიდული, საქართველოს კაპიტალის 70%-იანი წილი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში და დამატებით საქართველოს კაპიტალს გამოსძალონ ფული.

ტყუილი N3: ნათიასა და დათოს 70%-ის გაყიდვის სანაცვლოდ მისაღები თანხა საქართველოს კაპიტალისგან არ მიუღიათ

2019 წლის ზაფხულში, რეესტრში წილის გადაფორმებიდან 24 საათში, ნათიასა და დათოს პირად საბანკო ანგარიშზე საქართველოს კაპიტალმა გადარიცხა 30 მილიონი ლარი. ეს თანხა რომ ადრესატთან მოხვდა, თავის დროზე ბანკმაც და თავად ნათიამ და დათომაც დაადასტურეს.

მეტიც, შეთანხმების მიხედვით, სკოლის ღირებულება ლარში (26.8 მილიონი ლარი) იყო დაფიქსირებული და არა დოლარში. სანამ წილის რეგისტრაცია მოხდა, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. შესაბამისად, თანხა ლარში უცვლელი დარჩა, ხოლო დოლარში შემცირდა. ნათიამ და დათომ იმ დროს თხოვნით მოგვმართეს, რომ ანგარიშსწორება ძველი კურსის შესაბამისად მომხდარიყო, რაც საქართველოს კაპიტალისთვის ლარში გადასახდელი თანხის ზრდას გულისხმობდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კაპიტალს ამისი არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა (მეტიც ნათიას და დათოს ჰქონდათ აღებული ვალდებულება ლარში დაფიქსირებული ღირებულებით გაეყიდათ 70%), „საქართველოს კაპიტალმა“ მათ ეს თხოვნა დაუკმაყოფილა და ანგარიშსწორება ძველი კურსით მოხდა – რამაც გარიგება 3 მილიონ ლარამდე გაუძვირა საქართველოს კაპიტალს, ჯამში 29.4 მილიონ ლარამდე.

ტყუილი N4: საქართველოს კაპიტალმა საბაზროზე დაბალი ღირებულებით შეიძინა სკოლის 70%

ეს ტყუილი ამ ბოლო ხანებშია მოფიქრებული. 6 წლის თავზე, ნათიას და დავითს, გაუჩნდათ პრეტენზია, რომ თურმე მათ მიერ გაყიდული 70%-ი მეტი ღირდა, ვიდრე 30 მილიონი ლარია. კარგად მახსოვს, და ეს დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ 2018 წლის ზამთრიდან 2019 წლის ზაფხულამდე ნათია და დათო ყველაზე მეტ ხანს სწორედ 70%-იანი წილის ღირებულებაზე მევაჭრნენ, სანამ საბოლოო შეთანხმებას მივაღწევდით. რომლითაც ორივე მხარე კმაყოფილი დავრჩით.

ამის პარალელურად, საქართველოში სასკოლო სექტორში განხორციელებულ გარიგებებს რომ შევხედოთ, მაგალითად, ნიუტონის თავისუფალი სკოლა, ქართულ-ამერიკული სკოლა, დემირელის სკოლა, ქართულ-ავსტრიული სკოლა – ფესვები, მწიგნობართუხუცესი, ბაქსვუდი, მწვანე სკოლა, დავინახავთ, რომ ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში გადახდილი თანხა მნიშვნელოვნად აღემატება სხვა სკოლების ღირებულებას. ასევე, თუ შეფასებას გავაკეთებთ მულტიპლიკატორით, საქართველოს კაპიტალმა ყველაზე მაღალი მულტიპლიკატორი სწორედ ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში გადაიხადა დანარჩენ ორ პარტნიორ სკოლასთან შედარებით.

ტყუილი N5: ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება ირაკლი გილაურისა და საქართველოს კაპიტალის წინააღმდეგ

ეს ტყუილი იმ სერიიდანაა, საკუთარ დანაშაულს სხვას რომ აბრალებენ. 2025 წლის თებერვალში, დირექტორის ცვლილების შემდეგ, ჩავატარეთ მოკვლევა, რომელიც დიდი ოთხეულის წევრ დამოუკიდებელ აუდიტორულ კომპანიას დავავალეთ. ამ მოკვლევით დადგინდა, რომ ნათიასა და დათოს მიერ, რამდენიმე მილიონი ლარი სკოლიდან მითვისებული და გაფლანგულია.

მაგალითისთვის, როგორც აღმოჩნდა, სკოლის კაფეტერიას, რომელიც წლიურად ასეულობით ათასი ლარის პროდუქტს ყიდულობს, ამარაგებდა დავით გრძელიძის კომპანია, რომელიც დავით ცეცხლაძემ ციხეში სასჯელის მოხდისას გაიცნო. მოკვლევამ აჩვენა, რომ სკოლა საბაზროზე საგრძნობლად ძვირს იხდიდა პროდუქტებში, რომლითაც მას დავითის ყოფილი თანამესაკნის კომპანია ამარაგებდა. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში, ამ კომპანიის ერთადერთ საქმიანობას მხოლოდ ბრიტანულ-ქართული აკადემიის სასურსათო პროდუქტებით მომარაგება წარმოადგენდა. სკოლის დირექტორობიდან ნათია ჯანაშიას გადაყენებიდან რამდენიმე დღეში, კომპანიამ მოულოდნელად აცნობა სკოლას, რომ იგი მყისიერად წყვეტდა სკოლასთან თანამშრომლობას და აღარ მოამარაგებდა სკოლას პროდუქტებით.

აუდიტორული კომპანიის დასკვნის საფუძველზე, სკოლის სახსრების მრავალმილიონიან მითვისებასა და გაფლანგვის საქმეზე განცხადება ნათიასა და დათოს დანაშაულებრივ ქმედებებზე შევიტანეთფინანსურ პოლიციაში.

საქმეს მიენიჭა კონკრეტული ნომერი და აღნიშნული ფაქტების გარშემო დაიწყო გამოძიება. რა ქნეს თაღლითობას მიჩვეულმა ნათიამ და დათომ? აიღეს ამ საქმის ნომერი, რომელიც ნათიასა და დათოს მიერ ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მითვისება-გაფლანგვაზეა აღძრული და შეთხზეს ისტორია, თითქოს ეს გამოძიება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გარშემო კი არ დაიწყო, არამედ მიმდინარეობს ირაკლი გილაურისა და საქართველოს განათლების ჯგუფის წინააღმდეგ. ეს შეთხზული ისტორია გაავრცელეს მედიაში, გაუგზავნეს სახელმწიფო უწყებებს, მარეგულირებლებს, ჩვენს პარტნიორებსა და ინვესტორებს.

რა თქმა უნდა, ყველა მხარეს, რომელსაც ეს მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს ნათიამ და დათომ, გავუზიარეთ პროკურატურის წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ არც საქართველოს განათლების ჯგუფის და არც ირაკლი გილაურის წინააღმდეგ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს.

ტყუილი N6: ნათიასა და დათოს მენეჯმენტიდან წასვლის შემდეგ, სკოლა საშინელ მდგომარეობაშია

დიდი ხანია ნათია და დათო ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ბრიტანულ-ქართული აკადემიიდან მათი წასვლის შემდეგ, სკოლაში კრიზისია. სიმართლე კი ის გახლავთ, რომ ამ კრიზისის წარუმატებლად შექმნასა და წარმოჩენას სწორედ თავად ცდილობენ.

2025-2026 აკადემიური წელი ბრიტანულ-ქართული აკადემიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელია მოსწავლეების რაოდენობით. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ ნათია და დათო ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სკოლის რეპუტაცია დააზიანონ. უამრავი დაკვეთილი სტატია და სიუჟეტი, რომელიც გაავრცელეს სკოლის გარშემო, რა თქმა უნდა, სკოლისთვის დამაზიანებელია და საზოგადოებას უქმნის წარმოდგენას, თითქოს სკოლაში არ არის სტაბილურობა და უსაფრთხოება.

მაგალითისთვის, ნათიამ და დათომ გაავრცელეს სტატია, თითქოს სკოლას მათი მენეჯმენტიდან წასვლის შემთხვევაში COBIS-ის (ორგანიზაცია, რომელიც გასცემს საერთაშორისო სკოლების აკრედიტაციას) წევრობის დაკარგვა ემუქრებოდა. არადა, სინამდვილეში, თავად მიმართეს COBIS-ს თხოვნით, რომ სკოლას COBIS-ის წევრობა ჩამორთმეოდა. არგუმენტად კი ტყუილები მოიყვანეს.

ტყუილებმა ვერ გაჭრა – ამ ამბიდან 1,5 წელზე მეტია გასული, ბრიტანულ-ქართული აკადემია კი რჩება COBIS-ის წევრად და აქტიურად მუშაობს სხვა დამატებით მნიშვნელოვანი აკრედიტაციების მოპოვებაზე.

იგივე გააკეთეს განათლების სამინისტროსთან, რომელსაც განცხადებით მიმართეს, თითქოს ირღვეოდა სკოლის ავტორიზაციის ნორმები. განათლების სამინისტროს კომისიამ შეისწავლა საკითხი და დაადგინა, რომ განცხადებაში მითითებული საკითხები არ შეესაბამებოდა სიმართლეს და სკოლის ავტორიზაციას საფრთხე არ ემუქრებოდა.

აღსანიშნავია, რომ განკარგულება, რომელზეც ნათია ჯანაშია განათლების სამინისტროს მიუთითებდა, როგორც დარღვევაზე,  მის მიერვე იყო მიღებული და ხელმოწერილი, მისივე მენეჯერობის დროს.

სკოლის რეპუტაციის დაზიანებით, ნათია და დათო ცდილობენ საქართველოს კაპიტალს აიძულონ დათმოს 70%-იანი წილი, რომლის სანაცვლოდაც 30 მილიონი ლარი მიიღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აპირებენ, რომ განგრძობითი რეპუტაციული ზიანის მიყენებით საქართველოს კაპიტალის 70%-იანი წილის ღირებულება ნულამდე დაიყვანონ. სკოლის მენეჯმენტის და მთელი გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ამ გეგმის განხორციელებას ნათია და დათო ვერ ახერხებენ და ვერ მოახერხებენ.

ტყუილი N7: საქართველოს კაპიტალს ნათიას და დათოს წილის წართმევა უნდა

საქართველოს კაპიტალს არც ერთ კომუნიკაციაში, არც ოფიციალურ და არც პირად საუბრებში, არ დაუფიქსირებია, რომ ნათიას და დათოს 30%-იან წილზე რაიმე სახის პრეტენზია ჰქონდა. პირიქით, ყველა კომუნიკაციაში ცალსახად ვამცნობდით მათ, რომ აბსოლუტურად პატივს ვცემდით მათ უფლებებს, როგორც 30%-იანი აქციონერისას. დღესაც, ნათია და დათო სკოლის 30%-იანი აქციონერები არიან. მიუხედავად, ცილისმწამებლური კამპანიებისა, შანტაჟისა და მუქარებისა, მიუხედავად იმისა, რომ ნათიამ და დათომ 2025 წლის ნოემბერში შეიტანეს სასამართლოში სიყალბეზე დაფუძნებული განცხადება, რისი მეშვეობითაც უნდათ რომ საქართველოს კაპიტალი გაირიცხოს კომპანიიდან და 70%-იანი წილი ნათიას და დათოს მფლობელობაში გადავიდეს, მათ წილზე საქართველოს კაპიტალს არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია.

ასევე, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ წელიწადნახევრის წინ, ნათიამ და დათომ საქართველოს კაპიტალს მის საკუთრებაში არსებული 70%-იანი წილის მიყიდვა შეთავაზეს და შესყიდვის კონკრეტული თანხაც დაასახელეს.  ნათიას და დათოს საკუთრებაში არსებული წილის გამოსყიდვაზე, საქართველოს კაპიტალმა შემხვედრი წინადადება შეთავაზა, რომელიც წილის თითოეულ პროცენტზე 33 პროცენტით მეტი თანხის გადახდას გულისხმობდა. ნათიას და დათოს განსჯით, საქართველოს კაპიტალი, როდესაც ნათიასთვის და დათოსთვის სასურველ თანხად საკუთარ წილს არ ყიდის და შემხვედრ წინადადებად მათი წილის საგრძნობლად უფრო ძვირად ყიდვას სთავაზობს – ეს წილის წართმევაა.

საქართველოს კაპიტალი რამდენიმე ათეულ მილიონს თავაზობდა ნათიას და დათოს მათ 30%-იან წილში. ეს დააკვალიფიცირეს როგორც წართმევის მცდელობა და ცილისმწამებლურ კამპანიაში ერთ-ერთ პუნქტად გამოიყენეს.

ტყუილი N8: საქართველოს კაპიტალს არ ჰქონდა დირექტორის შეცვლის უფლება

ნათია ჯანაშია და მისი ყოფილი იურისტი სატელევიზიო ეთერში ამტკიცებდნენ, თითქოს სკოლის 70%-ი წილის ყიდვის მიუხედავად, საქართველოს კაპიტალს არ ჰქონდა უფლება, შეეცვალა ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორი.

დავითმა და ნათიამ, მათმა ყოფილმა თუ ამჟამინდელმა იურისტებმა ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს კაპიტალს ჰქონდა და აქვს დირექტორის შეცვლის უფლება. ამას ადასტურებს იმეილ მიმოწერა სკოლის იურისტთან, რომელშიც დათო მას ბრალს სდებს არაკომპეტენტურობაში და პირდაპირ პრეტენზიას უყენებს, თითქოს სკოლის იურისტის დაუდევრობით მოხდა ის, რომ საქართველოს კაპიტალს არ აეკრძალა სკოლაში დირექტორის მოხსნა და დანიშვნა.

ამ კონტრაქტის შესწავლა სკოლის იურისტის მოვალეობა საერთოდ არ იყო – სკოლის იურისტი წარმოადგენს სკოლის ინტერესებს და არა პირადად ნათიასი და დათოსი. გარდა ამისა, როგორც იურისტი ამბობს, ეს მრავალმილიონიანი კონტრაქტი მასთან საერთოდ არ გაუზიარებიათ ნათიას და დათოს. ალბათ არ სურდათ სკოლის თანამშრომლებისთვის იმის გაზიარება, 30 მილიონ ლარს რომ იღებდნენ წილის გაყიდვისას და 5 მილიონ ლარს ხელფასის სახით კონტრაქტის მიხედვით.

ნათიამ და დათომ ამ მიზეზით გაათავისუფლეს სამსახურიდან სკოლის იურისტი, რომელიც სკოლაში 10 წელზე მეტი მუშაობდა. დირექტორის შეცვლაზე საქართველოს კაპიტალის კანონიერ უფლებას, ასევე ადასტურებს პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე საჯარო რეესტრის მიერ ნათია ჯანაშიას დირექტორობიდან მოხსნა და ახალი დირექტორის რეგისტრაცია.

როგორც ავღნიშნე, გაფორმებულ შეთანხმებაში პირდაპირ არის განსაზღვრული ნათიას და დათოს თანამდებობაზე ყოფნა 5 წლის ვადით. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს კაპიტალის მხრიდან სურვილის არსებობის შემთხვევაში კონტრაქტის გახანგრძლივება არ მოხდებოდა, როგორც ეს სხვა ორი პარტნიორი სკოლის შემთხვევაში მოხდა. თუმცა, როგორც მრავალჯერ განმეორდა, რა წერია ხელშეკრულებაში, ამას დავითისა და ნათიასთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

ტყუილი N9: პარტნიორთა კრება გაყალბებულია

საქართველოს კანონმდებლობით დირექტორს აქვს ვალდებულება, პარტნიორის თხოვნით მოიწვიოს პარტნიორთა კრება მოთხოვნიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში.

როგორც დირექტორმა, ნათიამ ჩვენი მოთხოვნიდან კრება ჩანიშნა სამი თვის თავზე, კანონით დაშვებული ვადის ბოლო დღეს. როგორც თავად ამტკიცებენ, კრების დღეს ნათია ჯანაშია შეუძლოდ გახდა და მოითხოვა კრების რამდენიმე თვით გადადება. საინტერესოა, რომ ცუდად გახდომის ცნობიდან მეორე დღეს ქალბატონი ნათია დილის ცხრა საათზე ფიზიკურად ბრძანდებოდა იუსტიციის სახლში, რათა საჯარო რეესტრის თანამშრომლებისთვის პირადად ემცნო ჩვენს მიერ წარდგენილი პარტნიორთა კრების ოქმის „არალეგიტიმურობა“.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კრებაზე განხილული საკთხის გადასაწყყვეტად საჭირო იყო ხმათა უმრავლესობა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კაპიტალი წარმოადგენს ხმათა 70%-ს, მინორიტარის დასწრება ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არც სავალდებულო ყოფილა და არც გადაწყვეტილებაზე იქონიებდა რაიმე ზეგავლენას. კრებაზე ხელოვნურად არდასწრება დაიგეგმა იმ მიზნით, რომ შემდეგ მომხდარიყო აპელირება იმაზე, თითქოს კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება არალეგიტიმური და, შესაბამისად, ბათილი უნდა  ყოფილიყო. ვიცოდით რა, ვისთან გვქონდა საქმე, ჩვენი მხრიდან არამხოლოდ ყველა საჭირო ნორმა დავიცავით – დამატებით ვიდეოზე აღვბეჭდეთ კრების მსვლელობის სრული პროცესი. საჯარო რეესტრმა განიხილა და დაარეგისტრირა კრების ოქმში მიღებული გადაწყვეტილება.

ამ ტყუილებთან ერთად ბოლო 2 წლის განმავლობაში უამრავი ეპიზოდი დაგროვდა, რომელშიც ნათიამ და დათომ მათი რეალური სახე გვაჩვენეს. მაგალითად მოგიყვებით რამდენიმე დაუჯერებელ ისტორიას:

ამბავი 1: უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი

ნათიას გადაყენებიდან რამდენიმე დღეში, მისმა მეუღლემ, საკუთარ შვილთან ერთად გადაწყვიტა, რომ კარგი იდეა იქნებოდა დილით, როდესაც მოსწავლეები სკოლაში მიდიან, სკოლის კართან დაედგათ წარმოდგენა. მეგაფონებით შეიარაღებული მამა-შვილი სკოლის ტერიტორიის გარეთ, სკოლაში მიმავალ მცირეწლოვან ბავშვებს, მათ შორის, ბაღის ასაკის ბავშვებს, ყურში ჩაჰყვიროდა, რომ სკოლაში უცნობი შეიარაღებული პირები არიან და სკოლის ახალი დირექტორი იუდაა.

რა თქმა უნდა, მშობლები და ბავშვები შეშინდნენ. ბევრმა ბავშვმა მშობელს უთხრა, რომ სკოლაში მისვლა ეშინოდა. ამას დაემატა ნათიას მიერ მშობლებთან გაგზავნილი იმეილი, რომელშიც ის ამტკიცებდა რომ ბავშვების სკოლაში გაშვება უსაფრთხო არ იყო. უამრავი მშობელი მოვიდა სკოლაში, რომ თავად ენახა რა სიტუაცია იყო და დარწმუნებულიყო რომ უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო. პარადოქსი ის არის, რომ თვითონ ნათიამ და დათომ, თავიანთი წერილების და შოუების პარალელურად, თავიანთი შვილები სკოლაში გამოუშვეს.

რასაკვირველია, ამ დროს სკოლაში არცერთი შეიარაღებული პირი არ ყოფილა. ან რატომ უნდა ყოფილიყო? რისგან იყო საჭირო იარაღით თავის დაცვა? დათოსგან თუ ნათიასგან? უბრალოდ, დაცვის მეტი თანამშრომელი იყო სკოლაში, ვიდრე სხვა დროს, სწორედ იმ სპექტაკლისგან ბავშვებისა და თანამშრომლების დასაცავად, რომელიც ცოლ-ქმარმა არაერთხელ სცადა, დაედგა.

ეს ისტორია აქ არ მთავრდება, რამდენიმე დღის შემდეგ, სკოლის შიდა პარკინგზე რომლითაც ნათია და დათო სარგებლობდნენ, ვიპოვეთ დაკეტილი სეიფი. ამ სეიფის შესახებ თანამშრომლებმა არაფერი იცოდნენ. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ამ სეიფის გახსნა. სეიფში ვიპოვეთ რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი და ათეულობით ვაზნა. კრიმინალური პოლიციის გამოძახების შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, ეს იარაღები და ვაზნები დათოს სახელზე იყო გაფორმებული და კანონის დარღევევით ინახებოდა სკოლის ტერიტორიაზე. მაშინ, როდესაც დავით ცეცხლაძე სკოლასთან იდგა და მცირეწლოვან ბავშვებს აშინებდა თითქოს სკოლაში იარაღიანი ხალხი დადიოდა, სინამდვილეში თვითონ, უკანონოდ ჰქონდა სკოლაში განთავსებული ცეცხლსასროლი იარაღები.

ამბავი 2: დაყადაღებული პორშე 911, მერსედესები, კატარღები და მოტოციკლები

იმავე სკოლის შიდა პარკინგზე, სადაც დათოს ცეცხლსასროლი იარაღი ვიპოვეთ, მათ შორის და არა მხოლოდ, გაჩერებულია დათოს და ნათიას მფლობელობაში არსებული პორშე 911 და მერსედეს S კლასის ავტომობილები, კატარღები, მოტოციკლები, და სხვა პირადი ნივთები. მიუხედავად იმისა, რომ სკოლამ არაერთხელ ამცნო დავითს და ნათიას ძალიან მარტივი, კანონთან შესაბამისი პროცედურის შესახებ და სთხოვა ავტომობილების, კატარღებისა და მოტოციკლეტების გაყვანა, ნათიამ და დათომ, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს მათი მოძრავი პირადი ქონება მორიგი ავანტიურისთვის გამოეყენებინათ და მორიგი ტყუილი მოიგონეს. კერძოდ, წამოაყენეს ბრალდება თითქოს მათი ქონება მივისაკუთრეთ. ცნობისთვის, ნათიას და დათოს ორივე ავტომობილი, ისევე როგორც პირადი სახლი და სხვა უძრავი ქონება, სასამართლოს მიერ არის დაყადაღებული. გარდა ამისა, სკოლას აქვს შეტანილი ნათიას და დათოს წინააღმდეგ სარჩელი, აღნიშნული პირადი ნივთების სკოლის ტერიტორიიდან გატანის მოთხოვნით.

ამბავი 3: გაუგონარი სპეკულაცია ბავშვებით

დირექტორის პოზიციიდან გადაყენებიდან მალევე, ნათია ჯანაშიამ განცხადებით მიმართა სახალხო დამცველსა და განათლების სამინისტროს, რომელშიც ამტკიცებდა, რომ სკოლა მისი და მისი შვილების, რომლებიც ბრიტანულ საერთაშორისო სკოლაში სწავლობენ, უფლებებს ლახავდა, რადგან ნათია და დათო სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვებოდნენ.

განცხადების გაგზავნასთან ერთად, ნათია და დათო ახორციელებდნენ ზეწოლას სკოლის დირექტორზე და მუსიკისა და დრამის მასწავლებელზე – მანიპულირებდნენ ბავშვების გრძნობებით, თითქოს დირექტორისა და მასწავლებლის ბრალი იყო, რომ ბავშვები ტრავმირებულები იყვნენ, რადგან მათ მშობლებს არ შეეძლოთ წარმოდგენაზე დასწრება.

სინამდვილეში კი რა მოხდა: გარდა იმ უამრავი ისტორიისა, რომელზეც ამ წერილში ვყვები და რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ ნათია და დათო სკოლის ტერიტორიაზე აღარ დაგვეშვა, მინდა მოგიყვეთ კიდევ ორი ინციდენტის შესახებ, თუ რატომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არც სკოლის ტერიტორიაზე და არც სკოლის ღონისძიებებზე ნათია და დათო არ დაგვეშვა.

ინციდენტი 1: სკოლის წინ აქცია-პერფორმანსის გამართვის და მოსწავლეების დაშინების შემდგომ, რამდენიმე კვირაში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, დავით ცეცხლაძე საკუთარი ავტომომობილით გაჩერდა სკოლის შესასვლელთან, გადმოვიდა ავტომობილიდან, დაერია და დაშალა სკოლის შესასვლელთან განთავსებული ბოწკინტები, შემდეგ მივიდა სკოლის დაცვის თანამშრომლებთან, აგინა და დაემუქრა. მხოლოდ ამის შემდეგ გაბრუნდა, მანქანაში ჩაჯდა და ტერიტორია დატოვა.

ინციდენტი 2 მოხდა თეატრში, სადაც მცირეწლოვანი მოსწავლეები, მათ შორის, ნათიასა და დათოს შვილებიც მონაწილეობდნენ.

წარმოდგენის დასასრულს, როცა სკოლის დირექტორი ბავშვებისა და დასისადმი სამადლობელ სიტყვას წარმოთქვამდა, აუდიტორიაში მყოფი ნათია ჯანაშია, დავით ცეცხლაძე და მათთან დაახლოებული პირები ფეხზე წამოდგნენ, დაიწყეს ყვირილი და უშვერად  მიმართეს სცენაზე მყოფ დირექტორსა და თანამშრომლებს. ეძახდნენ მონებს და ყმუოდნენ, რასაც პირადად შეესწრნენ სცენაზე მდგომი მოსწავლეები და აუდიტორიაში მსხდომი მშობლები, რომლებიც თავიათი შვილების წარმოდგენის სანახავად იყვნენ მოსულები. დავით ცეცხლაძემ არ იკმარა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ყოველგვარი მაპროვოცირებელი გარემოების გარეშე,  სკოლის თანამშრომელს ესროლა წყლის ბოთლი.

მოგვეპოვება ამ სამარცხვინო ინციდენტების ვიდეო-მასალა, რომელიც გავუზიარეთ შესაბამის უწყებებს.

ასეთი ქცევებისთვის სკოლა თანაბრად უკომპრომისოა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, იქნება ის – სკოლის აქციონერი, მშობელი თუ ნებისმიერი სხვა სტატუსის მატარებელი პირი.

ამბავი 4: საბოტაჟის მცდელობა

ნათია ჯანაშია დირექტორის პოზიციიდან თებერვლის ბოლოს გადავაყენეთ. ამ დროს განსაკუთრებული უამინდობა და სიცივეები იყო. როგორც მომიყვნენ, სკოლის ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელმა მიიღო ზარი, რომელითაც ცოლ-ქმარს საბოტაჟის მოწყობა სურდა და მოითხოვდა, რომ სკოლაში გათბობა გათიშულიყო, რათა მოსწავლეებსა და სკოლის თანამშრომლებს შექმნოდათ დისკომფორტი და შედეგად, სასწავლო პროცესი ჩაშლილიყო.

ჩემი ინფორმაციით, სასწავლო პროცესის ჩაშლა ასევე სცადეს თანამშრომლებზე როგორც მუქარისა და ზეწოლის განხორციელების გზით, ისე მათი მოქრთამვის მცდელობით. მაგალითისთვის, სასკოლო ავტობუსების მძღოლებს შესთავაზეს ხელფასების პირადად გადახდა იმ პირობით, თუ ისინი დაუყოვნებლივ შეწყვეტდნენ სკოლის მოსწავლეებისა და თანამშრომლების ტრანსპორტით მომსახურებას.

მათი მხრიდან განხორციელებული საბოტაჟის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა და სკოლის თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა არც მუქარას შეუშინდა და არც სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობა არ გაცვალა ფულზე.

ამბავი 5: განსხვავებული ქვეყანა – განსხვავებული სტრატეგია

ნათია და დათო იდენტურ დავას აწარმოებენ როგორც საქართველოში, ისე დიდ ბრიტანეთში. საინტერესო ის არის, რომ ბრიტანეთის სასამართლოში და ასევე მედიაში დაკვეთილ სტატიაში ამტკიცებენ, რომ საქართველოს სასამართლო კორუმპირებულია, ქვეყანა ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ არის. სწორედ ამიტომ ითხოვენ საქმის განხილვას დიდ ბრიტანეთში. საქართველოში კი ხელისუფლების წარმომადგენლებს განცხადებებით მიმართავენ, თითქოს მათ „ნაციონალები“ ებრძვიან და მთავრობისგან დაცვას ითხოვენ. როგორც ჩანს, მათთვის სიმართლე არ არსებობს – სადაც რა ჰგონიათ რომ გაჭრის, იმას ამბობენ და ამტკიცებენ.

ამბავი 6: მზაკვრულ გეგმაში გამოჭერილი

ლისის ტბაზე არსებული კამპუსის მომიჯნავედ არსებულ 4,000 კვადრატულ მეტრ მიწაზე ბრიტანულ-ქართულ აკადემიას მერიაში კარგა ხანია აქვს დაფიქსირებული ამ მიწის ნაკვეთის შესყიდვის ინტერესი. ეს მიწის ნაკვეთი გაიყიდა, თუმცა შემძენი აღმოჩნდა არა სკოლა, არამედ, პირადად, დავით ცეცხლაძე,

მოგვიანებით გამოაშკარავდა, რომ ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მენეჯმენტში ყოფნისა და 30%-იანი წილის ფლობის პარალელურად, დავითი და ნათია მზაკვრულ გეგმას ამზადებდნენ, რომლის მიხედვითაც უნდოდათ გაეკეთებინათ მსგავსი სახელწოდებისა და კონცეფციის სკოლა, სადაც 100% წილის მფლობელები იქნებოდნენ და ნელ-ნელა ბრიტანულ-ქართული აკადემიის თანამშრომლებსა და მოსწავლეებს გადაიყვანდნენ „ახალ სკოლაში“.

ამ მიზნით, 2024 წელს დავით ცეცხლაძემ შექმნა „თბილისის საერთაშორისო ბრიტანული სკოლის“ (BIST) კლონი სახელწოდებით შპს „საქართველოს საერთაშორისო ბრიტანული სკოლა“. ასე უნდოდათ საქართველოს კაპიტალისთვიის 30 მილიონ ლარად მიყიდული 70%-ის გაუფასურება ცოლ-ქმარს.

ეს გეგმა ვერ განახორციელეს, რადგან მიმდებარედ არსებული სახელმწიფო მიწების ჩუმად პრივატიზება ვეღარ შეძლეს, ხოლო შეძენილი 4,000 კვ მეტრი მიწა სასამართლომ დაუყადაღა საქართველოს კაპიტალის სარჩელის საფუძველზე. ასევე, დავამატებ, რომ ჩვენს შორის არსებული შეთანხმებისა და შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით ცოლ-ქმარს ბრიტანულ-ქართული აკადემიის გარეთ საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოება შეზღუდული აქვს.

როგორც უკვე ზევით აღვნიშნე, ნათიასა და დათოსთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს რაზე შეგვითანხმდენ, მთავარია, კონკრეტულ მომენტში, რა უფრო ხელსაყრელია მათთვის.

ამბავი 7: საკუთარი თავისთვის გაწეული ქველმოქმედება

დეკემბერში გამართულ ფეისბუქ-ლაივში, ნათია ჯანაშიამ მოყვა დრამატული ისტორია, თითქოს  საქართველოს კაპიტალი მას ედავება, სკოლის მიერ გაცემულ დაფინანსებებზე და ამტკიცებს, რომ ამ დაფინანსებების გაცემა, საქართველოს კაპიტალთან შეთანხმებული იყო.

ამ გამოსვლაში ნათია, საქართველოს კაპიტალს ახასიათებს, როგორც  ხარბ ორგანიზაციას, რომელიც ბავშვებს დაფინანსების შესაძლებლობას ართმევს, თავის თავს კი ქველმოქმედად წარმოაჩენს.

სინამდვილეში, საგრანტო პროგრამა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, დირექტორთა საბჭოს ინიციატივით დაიწყო და მიზნად ისახავს ფინანსური საჭიროების მქონე, აკადემიურად წარმატებული მოსწავლეების დაფინასებას, არ შეწყვეტილა და ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის მენეჯმენტიდან წასვლის შემდეგ იმავე მასშტაბით გრძელდება.

საქათველოს კაპიტალის პრეტენზია ეხება მხოლოდ 6 მოსწავლეს, საიდანაც 4 ნათიასა და დათოს შვილები არიან, 2 კი – მათი ნათესავია. ყველანაირი საფუძვლის გარეშე, დათო და ნათია წლების განმავლობაში, სრულიად უსასყიდლოდ იღებდნენ სკოლის სერვისებს, რომელთა ღირებულებაც, სხვა მშობლებისთვის, წლიურად 100,000 დოლარს აღწევს. დამეთანხმებით, რომ ნათიას და დათოს, დაფინანსების მიღების საჭიროება ნამდვილად არ გააჩნიათ. აქვე დავამატებ, რომ სკოლის 70% აქციონერის, საქართველოს კაპიტალის თანამშრომლები სრულად იხდიან სკოლის ყველა საფასურს და არ სარგებლობენ არანაირი შეღავათით, არათუ 100% ფასდაკლებით.

ამბავი 8: თვითმფრინავის ინციდენტი

რამდენიმე კვირის წინ, დეკემბერში, ბრიტანეთის ავიახაზების რეისით თბილისი – ლონდონი ირაკლი გილაურთან და ჩვენს ერთ კოლეგასთან ერთად მივემგზავრებოდით დირექტორთა საბჭოს შეხვედრაზე.

თბილისში თვითმფრინავში რომ ავედი, და საკუთარი ადგილისკენ მივდიოდი, წინ გადამიდგნენ ნათია და დათო. როგორც ჩანს დამინახეს და გადაწყვიტეს, კარგი იდეა იქნებოდა, თვითმფრინავში ჩასხდომისას, ჩემთვის გზა გადაეკეტათ და შეურაცხყოფა მოეყენებინათ. ამ დროს ირაკლი გილაურმა მათ წესრიგის დაცვისკენ და სიმშვიდისკენ მოუწოდა. ქცევა მხოლოდ მას შემდეგ გამოასწორეს რაც ბორტგამცილებელი დაინახეს..

თვითმფინავის აფრენიდან 30-40 წუთში დავინახე, ფეხზე როგორ წამოდგა ნათია, დაათვალიერა ვინ სად იჯდა, მივიდა დათოსთან და, როგორც ჩანს, წააქეზა. ამის შემდეგ წაქეზებული დათო ფეხზე წამოდგა, ჩქარი ნაბიჯით ირაკლისთან უცნაურად და უხერხულად ახლოს მივიდა და დიდი მონდომებით, თუმცა წარუმატებლად სცადა საშიში ყოფილიყო.

ბაქიბუქზე და პროვოკაციაზე მისთვის სასურველი პასუხი ვერ მიიღო, რადგან პროვოკაციაში არ ავყევით. მე ბორტგამცილებლი გამოვიძახე და ჩემს კოლეგასთან ერთად ფეხზე წამოვდექი, რადგან არ ვიცოდი კიდევ რა ტიპის პროვოკაციას ამზადებდა დათო. ამ დროს დათო ჩემსკენ შემობრუნდა, დამინახა და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა.

ეს ყველაფერი ბორტგამცილებელმა ძალიან კარგად დაინახა. დათოს მიმართა, რომ საკუთარი ადგილი დაეკავებინა და მკაცრად გააფრთხილა, რომ თუ ჩვენი მიმართულებით კიდევ ერთხელ გამოიწევდა, თვითმფრინავს დასვავდნენ და მას პოლიციას გადასცემდნენ. ბორტგამცილებელმა ინციდენტი დააფიქსირა ბრიტანეთის ავიახაზების შიდა სისტემაში, ხოლო შეშინებული დათო მალევე დაუბრუნდა საკუთარ სკამს.

ამ ამბავში ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს ყველაფერი საკუთარი 2 მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით იკადრეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საქმის ბოლომდე მიყვანა საქართველოს კაპიტალისთვის?

ბრიტანულ-ქართული აკადემია საქართველოს კაპიტალის პორტფელური კომპანიაა. იმ საჯარო ცილისწამებისა და რეპუტაციის შემლახველი კამპანიის საწინააღმდეგოდ, რომელსაც დავით ცეცხლაძე და ნათია ჯანაშია აწარმოებენ, საქართველოს კაპიტალი თავისი აქციონერებისა და თანამშრომლებისა წინაშე, როგორც ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავებული საჯარო კომპანია, ვალდებულია ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს და დარწმუნებული ვარ, რომ ამას ასეც იზამს.

სასკოლო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, აქამდე საქართველოს კაპიტალი თავს იკავებდა იმ ფაქტებისა და ინციდენტების გასაჯაროებისგან, რომელიც ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის დანაშაულებრივ ქმედებებს აღწერდა.

თუმცა, ფაქტია, რომ ყველა წითელი ხაზი ნათიამ და დათომ უხეშად, კანონის დარღვევით და დანაშაულებრივად გადაკვეთეს და ახლა გაჩუმება, უდიდესი შეცდომა იქნება.

საჯარო გახდება სიმართლე, რომ ამ დავაში საქართველოს კაპიტალის მოწინააღმდეგე მხარე არ არის  დაჩაგრული ცოლ-ქმარი, რომელსაც სკოლა წაართვეს, არამედ ისინი არიან ხარბი ავანტიურისტები, რომლებიც ყველაფერზე დაუნდობლად წამსვლელები არიან, ოღონდ ის მიიღონ, რაც უნდათ – შანტაჟით და მუქარით ერთხელ უკვე 30 მილიონ ლარად გაყიდული სკოლის 70%-იანი წილი წაართვან საქართველოს კაპიტალს და, რაც შეიძლება მეტი ფული გამოსძალონ საინვესტიციო კომპანიას.

საქართველოს კაპიტალი ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ნათიამ და დათომ ეს გეგმა ვერ აღასრულონ – რომ სიმართლემ გაიმარჯვოს და არ დაიშვას პრეცენდენტი, რომ შეიძლება საქართველოს კაპიტალისა ან მისი პორტფელური კომპანიის დაჩაგვრა მოგონილი და ცრუ ამბებით, შანტაჟით, მუქარით, შავი პიარკამპანიითა და დაშინებით.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები