დღეს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში, ანსამბლ „ადილეის“ კონცერტი გაიმართება

კამპანიის – „გაატარე ზაფხული საქართველოში“ –  ფარგლებში, დღეს, 5 აგვისტოს, 20:00 საათზე, ანსამბლი „ადილეი“ კონცერტს გამართავს.
მგალობელ-მომღერალთა გუნდი „ადილეი“ 2012 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა. პირველად მსმენელის წინაშე კი 2014 წლის გაზაფხულზე წარდგა  და მას შემდეგ აქტიურად ჩაება საკონცერტო მოღვაწეობაში.
აღსანიშნავია კონცერტები: ტრადიციული მრავალხმიანობის VII და IX საერთაშორისო სიმპოზიუმებზე, სოლო კონცერტი თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში („საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“), რუსთავის მე-5 ქალთა დაწესებულებაში, შეხვედრა-კონცერტები ცნობილ უცხოელ მუსიკოსებთან – იორდი სავალისთან (Jordi Savall), სერჯიო აზოლინისთან (Sergio Azzolini), ელიზაბეთ ლეონსკაიასთან (Elisabeth Leonskaja)…
„ადილეის“ ჩატარებული აქვს კონცერტები, ვორკშოფები და სემინარები იტალიაში, გერმანიაში, ბელგიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. „ადილეის” გამოცემული აქვს CD ალბომი, ვინილის ფირფიტა და სასწავლო ჩანაწერები. სახელწოდება „ადილეი“ შეირჩა დასავლური სიმღერებისთვის დამახასიათებელი სამღერისიდან და ზუსტად ესადაგება ანსამბლის რეპერტუარს.
გარდა ამისა, „ადილეი“ არის მგზავრული სიმღერა, რომელიც ასოცირდება მოძრაობასთან და წინსწრაფვასთან. „ადილეის“ რეპეტუარის მთავარი წყარო ძველი ჩანაწერებია. გუნდი ცდილობს, ,,მოირგოს” ეს სიმღერები, შექმნას და შეასრულოს მათი ახლებური ვარიანტები.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, თბილისურ ანსამბლებთან ერთად, კამპანიაში – „გაატარე ზაფხული საქართველოში“ კონცერტებს ტურისტებისთვის (და არა მხოლოდ მათთვის), 15 ივლისიდან 30 სექტემბრამდე, ყოველ ორშაბათს, 20 საათზე, ფოლკლორის ცენტრის ბაღში მართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები