ნიდერლანდების ქუჩის სიმფონიური ორკესტრი საქართველოში კონცერტებს მართავს
საქართველოს ნიდერლანდებიდან ქუჩის სიმფონიური ორკესტრი ანსამბლი „რიჩიოტი“ ეწვია. მათ 3 და 4 აგვისტოს თბილისის ქუჩები უკვე შემოიარეს – ახალი აღმაშენებელი, მრგვალი ბაღი, კუს ტბა, ორბელიანის მოედანი, რუსთაველის მეტროს მიმდებარე მოედანი…
თბილისში „რიჩიოტი“ შეასრულებს: ზაქარია ფალიაშვილის, სულხან ცინცაძის, გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის, რევაზ ლაღიძის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, პეტრე ჩაიკოვსკის და სხვა გამოჩენილ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ანსამბლი ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 25 კონცერტს გამართავს.
ამსტერდამის ქუჩის სიმფონიური ორკესტრი 42 ახალგაზრდა მუსიკოსს აერთიანებს. მის რეპერტუარშია კლასიკური და ტრადიციული, ასევე პოპმუსიკა და ჯაზი.
ისინი ქართველ ვირტუოზ კლარნეტისტ ლევან ცხადაძესთან ერთად, 9 აგვისტოს, „ფაბრიკის“ ეზოში გამართავენ კონცერტს. დასწრება თავისუფალია.