მამუკა ბახტაძე პატრიარქს: საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა და სიბრძნე, რომ ჩვენ ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო
“საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა, თქვენი რჩევები თქვენი სიბრძნე, რომ ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ შევძლოთ ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო”, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს და ანგელოზის დღე მიულოცა.
მთავრობის მეთაური პრეზიდენტთან ერთად საზეიმო წირვას დაესწრო, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა აღავლინა.
”თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი მოწიწებითა და სიყვარულით მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თავდადებული შრომისთვის, შემოქმედებისთვის, მოღვაწეობისთვის, რომელიც ყოველთვის გულისხმობდა ქართული ეკლესიისა და ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს, ჩვენზე ზრუნვას. მსურს, ყველა ქრისტიანს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ემიგრანტებს მივულოცო დღევანდელი დღე. თქვენო უწმინდესობავ! თქვენი ღვაწლი არის უდიდესი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და ვულოცავ სრულიად საქართველოს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.