ენერგეტიკული სექტორის გამოწვევები – რა პროგნოზს აკეთებენ სპეციალისტები, გაიზრდება თუ არა ტარიფი

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში არსებულმა ელექტროსადგურებმა 12148,6 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავეს მაშინ, როცა ქსელში მიწოდებამ 13455,9 მლნ კვტ/სთ შეადგინა. გამომუშავება მიწოდებას შორის არსებული სხვაობა იმპორტით დაიფარა. ასე რომ, მთლიან მიწოდებულ ენერგიაში იმპორტმა, თითქმის, 10 % შეადგინა. გასულ წელთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი მიმდინარე წელსაც გაიზარდა.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველომ 80.840 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (11.216 მლნ კვტ/სთ), დაახლოებით, 7.2–ჯერ აღემატება.
ჯამურად, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველომ 613.9 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 541.998 მლნ კვტ/სთ არ აღემატებოდა. გამოდის,რომ ელექტროენერგიის იმპორტი, დაახლოებით, 21 %-ით გაიზარდა.
მთლიანად 2018 წელს საქართველომ 75 მილიონი დოლარის ელექტროენერგია იყიდა. ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, მიმდინარე წელს ელექტროენერგიის იმპორტზე 141 მილიონი დოლარი დაიხარჯება.
იმპორტისაგან განსხვავებით, მცირდება ექსპორტი. თუ გასული წლის აპრილში, თითქმის, 62 მლნ კვტ/სთ გავიდა ექსპორტზე, 2019 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 38 ათას კვტ/სთ- მდე შემცირდა.
რაც შეეხება ელექტროენერგიის ფასს მოსახლეობისათვის – 2018 წლის მონაცემებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ელექტროენერგია ყველაზე იაფი თურქმენეთში ღირს: 1კვტ/სთ 0,01 დოლარი. 0,02 დოლარი ღირს 1 კვტ/სთ უზბეკეთში, ტაჯიკეთში და ყირგიზეთში. 0.05 დოლარია 1 კვტ/სთ -ის ფასი უკრაინასა და აზერბაიჯანში. ბელარუსიაში 1კვტ/სთ 0,06 დოლარი ღირს. 0,07 დოლარია 1კვტ/სთ-ს ფასი ყაზახეთში. შედარებისთვის გეტყვით, რომ აშშ-ში 1კვტ/სთ 0,013 დოლარი ღირს. ყველაზე ძვირი ელექტროენერგია გერმანიასა და დანიაშია, 1 კვტ/სთ 0,38 დოლარი.
ელექტროენერგიის მზარდი იმპორტისა და ლარის გაუფასურების პირობებში, ენერგეტიკოსები ელექტროენერგიის ტარიფის გარდაუვალ ზრდაზე საუბრობენ. როგორც “კომერსანტთან” საუბარში ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა აცხადებს, შექმნილ სიტუაციაში ტარიფის კორექტირება და მისი ზრდა ნამდვილად მოსალოდნელია.
„ჩვენ როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე, ელექტროენერგიის იმპორტზე ვართ დამოკიდებული. რეალობა და ლოგიკა ისეთია, რომ უნდა გაიზარდოს ტარიფი“, – განაცხადა მირცხულავამ.
კვლევების თანახმად, 2030 წელს საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნა 21-22 მილიარდ კილოვატ საათს მიაღწევს, რაც, დაახლოებით, 8 მილიარდი კილოვატ/საათით – 67%-ით მეტია ქვეყნის არსებულ გენერაციაზე.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცხადებული პოლიტიკით, ეს ზრდა ადგილობრივი გენერაციით უნდა დაკმაყოფილდეს და ამას ალტერნატივა არ გააჩნია.
„თიბისი კაპიტალის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2023 წლამდე ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 28 %-ით, 16.1 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზრდება. არსებობს ვარაუდი, რომ ტარიფის ზრდაზე, გარკვეულწილად, ეს გარემოებაც იმოქმედებს. თუმცა მთავრობაში მომავალს მაინც ოპტიმისტურად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ ახალი კანონი ენერგეტიკის შესახებ, რომელიც ახლო მომავალში იქნება მზად, ენერგეტიკაში არსებულ სიტუაციას რადიკალურად შეცვლის.
„დღეს საქართველოს ენერგეტიკა მნიშვნელოვანი გზაგასაყარის წინაშე დგას. ცვლილებები ბევრი მიმართულებით ხორციელდება. უახლოეს თვეებში ჩვენ გვექნება ახალი კანონი ენერგეტიკის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის სათამაშო მოედანს ენერგეტიკის სფეროში და ბაზარზე ახალ მოთამაშეებს შემოიყვანს. ჩვენი ამოცანაა, ბაზარზე გაიზარდოს კონკურენცია და გამჭვირვალობა აღნიშნულ სექტორში. ჩამოყალიბდება ელექტრონული ბირჟა, სადაც ივაჭრებენ ბაზრის მოთამაშეები – გენერაციის კომპანიები, ტრეიდერები, მომხმარებლები. ეს ყველაფერი განხორციელდება ეტაპობრივად, 2021 წლიდან ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ ამ მიმართულებით“, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, დავით თვალებეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები