შსს-ს თანამშრომლებს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების გამოძიების შესახებ სასწავლო კურსი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების გამოძიების შესახებ სასწავლო კურსი ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სწავლების მთავარი მიზანი სამართალდამცველებისთვის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ფაქტის გამოძიების სწორად წარმართვის, მტკიცებულებების ამოღების და შემთხვევის ადგილის მართვის უნარების გამომუშავება იყო.

სასწავლო კურსს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს პრაქტიკოსი ექსპერტები უძღვებოდნენ. სწავლებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სასწავლო კურსის მონაწილეები მასობრივი განადგურების იარაღისა და საშიში ნივთიერებების ამოცნობის დეტექტორების და სხვა დამცავი აღჭურვილობის გამოყენების სპეციფიკას, ასევე, საშიშ გარემოში მტკიცებულებების შეგროვებისა და მტკიცებულებების დეკონტამინაციის პროცედურებს გაეცნენ.

კურსის დასასრულს, მონაწილეებს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები