ენგურჰესი – უნიკალური არქიტექტურული ნაგებობის, ბუნებრივი ლანდშაფტისა და უდიდესი ტურისტული პოტენციალის სინთეზი

ენგურის ჰიდროელექტროსადგურს, თავისი მასშტაბურობითა და მოცულობით, ამიერკავკასიაში ანალოგი არ აქვს. ის, ამავდროულად, უნიკალურ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. საოცარი ბუნებრივი ლანდშაფტი და უდიდესი ტურისტული პოტენციალი კი ენგურჰესის ენერგეტიკულ და სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. სწორედ ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ 2015 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
რას წარმოადგენს ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი?


თაღოვანი კაშხალი საექსპლუატაციოდ 1977 წლის 22 დეკემბერს გადაეცა. სწორედ ამით დაიწყო ენგურჰესის დიდი სიცოცხლე. თაღოვანი კაშხლის აშენებამ და მდინარე ენგურის გადაკეტვამ წარმოშვა ჯვრის წყალსაცავი, რომლის მოცულობა მილიარდ ასი მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.
თაღოვანი კაშხლის ფორმები და გაბარიტები, საკუთარ შთამბეჭდავობასთან ერთად, ბუნებრივ და ლოგიკურ კითხვებსაც აჩენდა: ასეთი მასშტაბის მიუხედავად, გაუძლებდა თუ არა კაშხალი მილიარდ ასი მილიონი კუბური მეტრის მოცულობის წყლის დაწოლას?
ჰიდროლოგების პასუხი მტკიცე და ეჭვმიუტანელი იყო: „აიგება გრანიტის კედელივით შეუვალი სიმაგრე. მომავალი თაობები ნახავენ ამ კაშხალს, როგორც მეოცე ასწლეულის ურთულესსა და უბრწყინვალეს ნაგებობას!“
ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი ჰიდროტექნიკური ნაგებობაა, რომლის საშუალებითაც მდინარე ენგურის ხეობა ზემო წელშია გადაკეტილი. ის დაბა ჯვრიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი არის ბეტონის ნაგებობა, რომლის სიმაღლე 271,5 მეტრია, თხემის სიგრძე კი – 728 მეტრი.
ენგურჰესის კაშხალს თაღოვანი ფორმა აქვს. ამიტომაც მას სპეციალისტებმა “ორმაგი სიმრუდის ნაგებობა” უწოდეს, რადგანაც ის მოხრილია როგორც ვერტიკალურ, ისე – ჰორიზონტალურ სიბრტყეებში, მაქსიმალური მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით. ფუძე უნაგირის ფორმისაა და თაღოვანი კაშხლისგან პერიმეტრული ნაკერითაა გამოყოფილი. კაშხალს აქვს ზედა (501,9 მეტრ ნიშნულზე) და სიღრმული (329 მეტრ ნიშნულზე) წყალსაგდებები. სწორედ მათი გამტარობა უზრუნველყოფს კატასტროფული ხარჯის (10 000 წელში ერთხელ) გატარებას: ზედა წყალსაგდები- 2200 მ3/ წამში, სიღრმული წყალსაგდები -1200 მ3/ წამში.
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ჰიდრომშენებლები, მეცნიერები, გამომგონებლები მაშინაც და ახლაც უნიკალურ, საიმედო და ულამაზეს ჰიდრონაგებობას უწოდებენ. ენგურის ჰიდროელექტროსადგური ზომებით, გეოლოგიური და ტოპოგრაფიული პირობებითა და ორიგინალობით მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია.
როგორია ენგურის ხეობის პოტენციური რესურსი?

შავი ზღვის აუზის მდინარეებისგან ენგური გამოირჩევა ენერგეტიკული პოტენციალით, წყალუხვობითა და ხეობის გასაოცარი სილამაზით. მისი სიგრძე 221 კილომეტრია. მდინარე ენგურის აუზში 174 მყინვარია, რომელთა საერთო ფართობი 315 კვ. კილომეტრს აღწევს. მარადიული თოვლისა და მყინვარების ქვემოთ ალპური მდელოები და ბუჩქებია, უფრო დაბლა კი, დაბა ჯვრამდე, მთიანი რაიონი ხშირი ტყეებით არის დაფარული.
მდინარე ენგურის ხეობა მრავალფეროვანი კლიმატითაც განსაკუთრებულია. მდინარის სათავე მაღალმთიან ცივ ზონას გადალახავს, ხოლო შესართავი თბილ სუბტროპიკულ სარტყელში მიედინება. ენგურის აუზის ჰიდროენერგეტიკული რესურსი 21 მლრდ. კვტ. საათით არის შეფასებული, ხოლო ეკონომიკური პოტენციალი 10-11 მილიარდია. ეს მაჩვენებელი საქართველოს ყველა მდინარის პოტენციური ჰიდროენერგორესურსის 15,5 %-ს უდრის.
როგორია ენგურჰესის ტურისტული პოტენციალი?
დღეს, როდესაც ტურიზმის სფეროსადმი დაინტერესება სულ უფრო მზარდია, ენგურჰესის მნიშვნელობა ამ მიმართულებითაც განსაკუთრებულია. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის განკარგულებით, ენგურის კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ატრაქციის შექმნა იგეგმება. აღნიშნული პროექტი აღმოჩენათა ცენტრის, გადასახედი პლატფორმების, პანორამა ლიფტის, საბაგირო გზისა და ზიპლაინის მოწყობას, ამავდროულად, წყლის სპორტის სახეობების განვითარებას ითვალისწინებს. ენგურის ტურისტული ზონა წელიწადში, სავარაუდოდ, 400 ათასამდე ტურისტს მოემსახურება.
ინდუსტრიული მემკვიდრეობის მონუმენტურ ძეგლებზე ტურისტული ატრაქციის მოწყობის პრაქტიკა მთელს მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე მსგავს პროექტს იცნობს, აქედან ერთ-ერთი ჰუვერის დამბის სახელითაა ცნობილი (აშშ. კალიფორნია). თუმცა ენგურჰესის ტურისტულ ზონას, მულტიდისციპლინური ატრაქციებისა და სამეცნიერო-აღმოჩენათა ცენტრის გათვალისწინებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში მსოფლიო ანალოგი არ აქვს.
R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები