ლეპსმა უთანხმოება ლიეტუვის შემდეგ ლატვიის მთავრობაშიც გამოიწვია
ქართული წარმოშობის რუსი მომღერალი, გრიგორი ლეპსი, იგივე გრიგორი ლეფსვერიძე, ამჯერად, ლატვიის მთავრობაში გახდა უთანხმოების მიზეზი.
Jauns-ის ინფორმაციით, ლატვიის იუსტიციის მინისტრმა, იანის ბორდანსმა ქვეყნის შს მინისტრი, სანდის გირგენსი იმის გამო გააკრიტიკა, რომ გირგენსი “იურმალაში” ლეპსის კონცერტს ესწრებოდა.
იუსტიციის მინისტრმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლეპსი ლატვიის ტერიტორიაზე “შავ სიაში” არ არის შეყვანილი.
„ეს იგივენაირად აღმაშფოთებელია, როგორც, დავუშვათ, Russia Today-ს ლატვიის ტელევიზიით შოუ მოეწყო ლატვიის სახელმწიფოს დამცირების მიზნით. შს მინისტრი პირველ რიგებში იჯდა, რომ ჩვენი სახელმწიფო დაემცირებინა“, – განაცხადა ბორდანსმა.
გრიგორი ლეპსი ლიეტუვაში მაისის დასაწყისში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა.
შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი ლიეტუვის შს მინისტრმა, ეიმუტის მისიუნასმა მოაწერა მას მერე, რაც მას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა მიმართა.
მანამდე ლიეტუველმა დეპუტატმა აუდრონიუს აჟუბალისმა განაცხადა, რომ „ლეპს საერთაშორისო მედიაში უწოდებენ “რუსული მაფიის საყვარელ მომღერალს“, შესაბამისად, ლეპსი და სხვა მომღერლების ვიზიტი უნდა იყოს განხილული „ეროვნული უსაფრთხოების“ ჭრილში.
ლიეტუველი დეპუტატები ამბობდნენ, რომ 2013 წელს ლეპს ქვეყანაში შესვლაზე უარი აშშ-ში უთხრეს, რადგან ის დანაშაულებრივი დაჯგუფების – „საძმო წრის“ წევრია.
ამავე მიზეზით მომღერალი ქვეყანაში 2016 წელს ბრიტანეთმა და 2018 წლის მაისში ისრაელმა არ შეუშვა.