ეკა ბესელია მაია ცქიტიშვილის განცხადებაზე: ცოტა მეტად უნდა დაფიქრდე ქალი, რას ლაპარაკობ, ვინც უნდა გავალებდეს ამას

0

“იმაზე მეტს ვერ გაუკეთებს პოლიტიკოსი და ქალი საკუთარ თავს, ვიდრე იმ სიტყვებითა და კომენტარით გაუკეთა საკუთარ თავს მაია ცქიტიშვილმა”, – ასე გამოეხმაურა დეპუტატი ეკა ბესელია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას.
“თუ მაია ცქიტიშვილი ვერ ხვდება, გუშინდელი კომენტარით რა გაუკეთა საკუთარ თავს, იმასაც თუ ვერ ხვდება, ბოდიში მოსახდელი აქვს თუ არა ამ სიტყვებისთვის, ჩემი კომენტარი ზედმეტია. მე არ მივიჩნევ ღირსად, რომ მასზე კომენტარი ვაკეთო. იმაზე მეტს ვერ გაუკეთებს პოლიტიკოსი და ქალი საკუთარ თავს, ვიდრე იმ სიტყვებითა და კომენტარით გაუკეთა საკუთარ თავს მაია ცქიტიშვილმა. უკაცრავად, რომ თქვენს კითხვაზე მიწევს პასუხების გაცემა, როცა მეკითხებით, ამ საქმეზე რა ხდება და უკაცრავად, რომ ქალბატონი მაია ამ პასუხების გაცემის დროს მხედავს ისევ ეკრანზე. საერთოდ, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდა და ვიდრე სიზმარში ნახავდა იმ თანამდებობას, რა თანამდებობაც მას უჭირავს, მე დღის წესრიგში მაშინაც ვიყავი და ცოტა მეტად უნდა დაფიქრდე ქალი, რას ლაპარაკობ, ვინც უნდა გავალებდეს ამას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
“ქალბატონი ეკა ბესელიასგან უკვე დამღლელია თავის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბარი და ამის დღის წესრიგში მუდმივად დაყენება”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა.
ცქიტიშვილის თქმით, ბესელიას ჰქონდა საშუალება, გამოძიებისთვის მიეცა მის ხელთ არსებული ინფორმაცია.
“ქალბატონი ეკა ბესელიასგან უკვე დამღლელია თავის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბარი და ამის დღის წესრიგში მუდმივად დაყენება. პირველი, რასაც აუცილებლად ვიტყვი, არის ის, რომ შესაბამისი პასუხი ამაზე გაეცა. მას ჰქონდა საშუალება, გამოძიებისთვის მიეცა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ყველაფერი დანარჩენი არის მორიგი მცდელობა, რომ იყოს ახალი ამბების დღის წესრიგში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი