მაია ცქიტიშვილი: ჟურნალისტების დამოუკიდებლობა ეთერში გინებითა და უცენზურო გამონათქვამებით თუ გამოიხატება, ეს არაა მედიის თავისუფლება

0

“ჟურნალისტების დამოუკიდებლობა გამოიხატება იმაში, რომ მათ ეთერში შეუძლიათ იგინონ, უცენზურო გამონათქვამებით გააჯერონ ეთერი, ცრუ ამბები შექმნან, არავისთვისაა ეს მედიის თავისუფლება”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა “რუსთავი 2-თან” დაკავშირებით განაცხადა.

ცქიტიშვილის განცხადებით, “რუსთავი2-ს“ არ ჰქონია არავითარი შეფერხება სამართლიანი სასამართლოს ნაწილში და არ ყოფილა შეზღუდული არც მედია თავისუფლება, არც მათი საკუთრებით უფლება.

“ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც “რუსთავი2-დან“, ასევე ოპოზიციის სპექტრიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ვისმენდით შეფასებებს, თითქოს, ხელისუფლებას “რუსთავი2-ის“ ხელში ჩაგდების სურვილი აქვს. თითქოს ამისკენ იყო მიმართული მთელი სასამართლო სისტემა, მათ შორის “ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებს სურდათ ხელში ჩაგდება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ნათლად დაგვანახა, ყოველგვარი ინტერპრეტაციების შესაძლებლობის გარეშე, რომ ხალვაში იყო მესაკუთრე, ყველა პროცედურის დაცვით. “რუსთავი2“-ს არ ჰქონია არავითარი შეფერხება სამართლიანი სასამართლოს ნაწილში, არ ყოფილა შეზღუდული არც მედია თავისუფლება და არც საკუთრებით უფლება.

სამწუხაროდ, “რუსთავი2-ის“ ჟურნალისტები, ასევე, ცალკეული პოლიტიკოსები და ჩემთვის კიდევ უფროს სამწუხაროა, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც აქვთ პრეტენზია, რომ მედიათავისუფლებაზე ფიქრობენ, დღესაც აგრძელებენ ამ რიტორიკას, იმ სურათის შექმნას, თითქოს “რუსთავი2-თან“ მიმართებით ხელისუფლებას გარკვეული გეგმები აქვს. ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჟურნალისტების დამოუკიდებლობა გამოიხატება იმაში, რომ მათ ეთერში შეუძლიათ იგინონ, უცენზურო გამონათქვამებით გააჯერონ ეთერი, ცრუ ამბები შექმნან, არავისთვის არაა ეს მედიის თავისუფლება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, “რუსთავი 2-ის” თანამშრომლებმა, არხის ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის დღეს გავრცელებული განცხადება, მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად შეაფასეს და მიაჩნიათ, რომ ის მოროტორიუმი, რომელიც თავდაპირველად ჰქონდათ, რომ ჟურნალისტებს სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას არავინ შეუზღუდავდა დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს “რუსთავი 2-ის” 100%-იანი წილის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ ის დასავლური გამოცდილების, პროფესიონალ მედიამენეჯერს ეძებს, რომელსაც არხს ჩააბარებს. ასევე, განცხადების მიხედვით, ხალვაშს მიაჩნია, რომ “სარედაქციო დამოუკიდებლობა, არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას”.

კომენტარები

კომენტარი