წალენჯიხაში ჩაის მწარმოებელთან შეხვედრა გაიმართა

0

ქართული ჩაის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და ჩაის მწარმოებლებმა წალენჯიხაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. სოლომონ პავლიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, მალხაზ თორიასთან ერთად ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული პლანტაციები დაათვალიერა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის მიერ ჩაის კომბინირებული აგრეგატის მუშაობას გაეცნო.
როგორც „კვირას“ უწყებიდან აცნობეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამას, რომლის მიზანიც საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდაა. პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, რომელიც მოსახლეობის დასაქმებასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. 2016-2018 წლების მონაცემებით, 959 ჰა ფართობ ჩაის პლანტაციის რეაბლიტაცია განხორციელდა, რომლის ჯამური ინვისტიციაც 2,5 მილიონ ლარამდეა.
ფერმერებთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურმა ჩაის მოვლა-მოყვანისთვის განკუთვნილი კომბინირებული აგრეგატი წარმოადგინა, რომლის საცდელი ნიმუშის გამოცდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. აგრეგატი ერთდროულად 4 ფუნქციას – გასხვლას, დაქუცმაცებას, სასუქის შეტანასა და ნიადაგის დამუშავებას ახორციელებს. უახლოეს მომავალაში, მინსკის სატრაქტორო ქარხანასთან ერთად, აგრეგატის სრულყოფა იგეგმება, რომელიც ფერმერებს საგრძნობლად შეუმსუბუქებს შრომას.
შეხვედრას სამეგრელოს მაჟორიტარი დეპუტატი – გოგა გულორდავა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი -ლევან უჯმაჯურიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო აკადემიის, სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ადგილობრივი საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი