ირაკლი კობახიძე – ლიბერალური ფაშიზმი ყველგან ათანაბრებს ადამიანებს ძალიან მახინჯი ფორმით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში შევაჩეროთ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში შევაჩეროთ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ლიბერალური ფაშიზმი ყველგან ათანაბრებს ადამიანებს ძალიან მახინჯი ფორმით.

„ვნახე ამერიკული ვიდეოები, სადაც ამერიკელი ლიბერალები იცინოდნენ კირკის მკვლელობაზე. ვიზუალურადაც კი ჰგვანან ეს ადამიანები ქართველ ლიბერალ-ფაშისტებს. რომ აიღოთ ფარჯიანი და ბრაჭველი, აბსოლუტურად სახე დაკარგული ადამიანები, არც კაცებს ჰგვანან და არც ქართველებს, არაფერს არ ჰგვანან, ზუსტად ასეთივე ამერიკელები საუბრობდნენ იგივე ტექსტებით ამ შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით. ლიბერალური ფაშიზმი ყველგან ათანაბრებს ადამიანებს ძალიან მახინჯი ფორმით. ერთნაირია ქართველი ლიბერალ-ფაშისტი და ამერიკელი ლიბერალ-ფაშისტი, გარეგნობითაც კი ჰგვანან ერთმანეთს, შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში შევაჩეროთ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება, ამ იდეოლოგიის გავრცელება. ამას ემსახურებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ამას ემსახურებოდა ბევრი სხვა ნაბიჯი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არავითარი გასაქანი არ მიეცეს ლიბერალურ ფაშიზმს საქართველოში. 100 წლის წინ ასეთი ყურადღებით რომ ემოქმედათ ქართველებს, როდესაც საქართველოში გარედან თავს გვახვევდნენ ბოლშევიზმს, ბოლშევიზმიც ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ყურადღება, ჩვენ დავიცავთ ბოლომდე გამჭვირვალობის კანონს, რადგან ეს კანონი არის პირველ რიგში კანონი ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ და ჩვენ გავუფრთხილდებით ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აქამდე გადაგვიდგამს ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ. ამ სახე დაკარგულ ადამიანებს სხვები არ უნდა დაემსგავსონ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ტენდენციები. თქვენ ნახეთ, რა სახეებით იდგნენ ადამიანები საარჩევნო შტაბის წინ. ლიბერალ-ფაშისტები, სახე დაკარგული ადამიანები, ისინიც არიან ჩვენი მოქალაქეები და ჩვენ მათზე უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ როდესაც ისინი ფაშისტური სულისკვეთებით მოქმედებენ, ბუნებრივია, რეაგირებაც უნდა გვქონდეს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები