პაატა სალია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მოთხოვნებზე: შემოთავაზება, რაც ჰქონდათ, არ იქნა მიღებული – ეს არ შეიძლება იყოს რამის გარანტია

0

 

„რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ „კურიერისა“ და „პოსტსკრიპტუმის“ გუნდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შემოთავაზება, რაც ჰქონდათ „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებს, არ იქნა მიღებული, მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს შემოთავაზება არ შეიძლება იყოს რამის გარანტია. სალიას თქმით, მისი მიზანია „რუსთავი 2“ გახდეს უფრო წარმატებული, რეიტინგული და ძლიერი ტელეკომპანია.

“შემოთავაზება, რაც ჰქონდათ, არ იქნა მიღებული, მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს შემოთავაზება არ შეიძლება იყოს რამის გარანტია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რა შიშებიც შეიძლება ჰქონდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან დასაქმებული. ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არანაირ გარანტიას არ ქმნის. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ნდობის ჩამოყალიბებას გარკვეული დრო სჭირდება. ვფიქრობ, რომ ნდობის ჩამოყალიბებაში და კომპანიის ეფექტურ მართვაში ამგვარ საბჭოს მხოლოდ და მხოლოდ შემაფერხებელი ეფექტი ექნება და სხვა არაფერი.

მესამე მოთხოვნაზე, სადაც იყო საუბარი, რომ უნდა იქნას უზრუნველყოფილი მაღალრეიტინგული გადაცემების და მაღალი რეიტინგის შენარჩუნება, შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი ობიექტური გარემოებები შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა დროს, რამაც გარკვეული ინტერპრეტაციების საშუალება მისცეს და ეს იქნება მუდმივი, გაუთავებელი კომენტარების და დროის კარგვის საფუძველი.

ჩვენ არ გვინდა, მე პირადად, არ მინდა, ამ გუნდთან მქონდეს ეს ურთიერთობა, რომ ვიღაც მესამე პირების საშუალებით ველაპარაკოთ ერთმანეთს. მე ვცდილობ დავანახო ამ ადამიანებს, რომ აქ ვარ მოსული იმისთვის, რომ კომპანია უფრო წარმატებული, რეიტინგული და ძლიერი იყოს და იმედი მაქვს, რომ დღითიდღე ამ ნდობას განვამტკიცებ და იმედი მაქვს, რომ მათგანაც ანალოგიური პასუხი იქნება.

რა თქმა უნდა გარკვეული ეჭვები არსებობს, იარსებებს და მე ვიმუშავებ, რომ რომ ეს ეჭვები, რაც შეიძლება სწრაფად გაქარწყლდეს და ამაში დავრწმუნდებით“,- აცხადებს პაატა სალია.

ცნობისათვის, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა ახალ მფლობელს და გენერალურ დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გეგმა შესთავაზეს. გეგმა სამი ნაწილისგან შედგება. „პირველი პუნქტი – მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შეიქმნას „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭო შემდეგი შემადგენლობით: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – ეკა გიგაური; საია – სულხან სალაძე; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ – გიორგი მშვენიერაძე; „სამართლიანი არჩევნები“ – მიხეილ ბენიძე; “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ – ნატა ძველიშვილი; მედიამკვლევარი ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და კიდევ თქვენ მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობითა და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში.

ამ საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე, „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ უნდა შეძლოს იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე. მათ შორის, წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები და პროდიუსერებიც იგულისხმებიან.

მეორე – დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე, ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე.

მესამე – არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებასა და ეთერში გაშვებას. არ შეცვალოს იმ გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი, რომელიც ფორმატით გასართობი ხასიათისაა, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის.

ეს არის „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივი მიმართვა არხის ახალი მფლობელისა და დირექტორისადმი“, – განაცხადეს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა.

კომენტარები

კომენტარი