ზუგდიდში, სოფელ დავითიანში, ემიგრანტთა ბაღ “ფესვებში” სკულპტურული ძეგლი “ზეთისხილის ხე” გაიხსნება

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში, ემიგრანტთა ბაღს – “ფესვებს”, საქართველოში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული ემიგრანტები ეწვევიან და  უკვე დარგულ სხვადასხვა ჯიშის ნერგებს, მათ მიერ დარგული ახალი ხეებიც შეემატება.
საზეიმოდ გაიხსნება სკულპტურული ძეგლიც – “ზეთისხილის ხე”, რომელიც  აფხაზეთიდან დევნილმა, ამჟამად ამსტერდამში მცხოვრებმა სკულპტორმა, გიორგი შენგელიამ სპეციალურად დაამზადა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ბოსტონიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან ჩამოსული სტუდენტები;
საქართველოს პატრიარქის ფონდის – “გაამწვანე საქართველოს” დირექტორი გიორგი სვანიძე;
ჰოლანდიიდან, ნიდერლანდებში ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი თიკა სვანიძე და მისი სამი შვილი. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნიის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულო წევრები კი დეკორატიულ ხეებს დარგავენ.
“ემიგრანტთა ბაღი წელს გაიხსნა… დიდი შრომაა გაწეული. წინ დიდი გეგმებია. წინასწარ ამაზე საუბარი არ მსურს. არ შემიძლია, მადლიერება არ გამოვხატო საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის და სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის, ბატონ ალექსანდრე მოწერელიას მიმართ, მხარში დგომისთვის.
ვიყავი ემიგრანტი, დავბრუნდი და ვარ აქ, აქ, სადაც ჩემი მშობლების საძვალეა, აქ სადაც ჩემი ბავშვობა ხელუხლებელი დამხვდა. დღე და ღამე, შრომითა და ერთგულებით ვუდგავარ გვერდში ჩემს საქართველოს. ყოველდღე გვეხმიანებიან სხვადასხვა ქვეყნიდან ემიგრანტები და გვიგზავნიან სხვადასხვა ჯიშის ხეებს. მაგალითად, ჩვენს სიყვარულის კუნძულს, ემიგრანტთა ბაღს “ფესვებს არაერთხელ შემოსწირეს ნერგები , პატრიარქის ფონდის – “გაამწვანე საქართველოს” დირექტორმა, გიორგი სვანიძემ და ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელმა ნიდერლანდების სამეფოში, თიკა სვანიძის ოჯახმა მათი ოჯახის სახელზე გაშენდება ბროწეულისა და ზეთისხილის ხეივანი, ასევე, სხვა ჯიშის ხეები…
სიყვარულის ბაღში ყველას შეუძლია დარგოს ნერგი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში გაშენებული ემიგრანტთა ბაღი – “ფესვები” ყველას გელოდებათ !

დარგე ერთი ნერგი და დაიკიდე მედალიონი გულზე, უკვდავყავი ოჯახი – გვარი შენი”, – ამბობს ემიგრანტთა ბაღის დამფუძნებელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ლია ნაროუშვილი.
ცნობისათვის, აღნიშნული ღონისძიების ​საინფორმაციო მხარდამჭერები ტელეკომპანია “იმედი”, რადიო “ათინათი” და “ლაივპრესი” არიან.

კომენტარები

კომენტარი