პაატა სალია: დოკუმენტი, რომელიც დღეს ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლოში მიიტანა, ყალბია
„ირაკლი ოქრუაშვილის დოკუმენტი, რომელიც დღეს საქალაქო სასამართლოში მიიტანა და ჩივილს აპირებს, რათა „რუსთავი2″ დაყადაღდეს, ყალბია და ამას ექსპერტიზაც დაადგენს”, – ასე უპასუხა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ქიბარ ხალვაშის მიმართ არსებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ შეკითხვას.
„ეს დავა უკვე სასამართლო წარმოებაშია. ის ხელშეკრულება, რომელსაც მიუთითებს ირაკლი ოქრუაშვილი, ჩვენ თავიდანვე დავაფიქსირეთ სასამართლოში, რომ გაყალბებულია დოკუმენტი. მაშინ ფულადი მოთხოვნა ჰქონდა, თითქოს, მან 7 მილიონი დოლარი ასესხა ქიბარ ხალვაშს და, თითქოს, ქიბარ ხალვაში ამას ადასტურებდა და უკან უნდა დაებრუნებინა სარგებლით, ანუ პროცენტით. და მეორე საკითხი – „რუსთავი2″ იყო დაკავშირებული, თითქოს, ყველა უფლება ეკუთვნოდა ირაკლი ოქრუაშვილს და იმ შემთხვევაში, თუ ქიბარ ხალვაში იჩივლებდა, 7 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ დოკუმენტი არის ყალბი და ექსპერტიზა ამას დაადგენს”, – განაცხადა პაატა სალიამ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი2- ის” ამჟამინდელი მფლობელისაგან ტელეკომპანიის წილს ითხოვს. ქიბარ ხალვშის 100-პროცენტიანი წილის დაყადაღების მოთხოვნით ოქრუაშვილის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, მომავალ კვირას კი სასამართლოს უკვე ტელეკომპანიის დაბრუნების მოთხოვნით მიმართავს.