ბრიტანეთის საბჭო “შემოქმედებითი ნაპერწკლის” კონკურსის – Big Idea Challenge-ის ნაციონალური ფინალის გამარჯვებულებს აჯილდოვებს

ბრიტანეთის საბჭომ პროგრამის – „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ ფარგლებში პროგრამაში ჩართული ახალგაზრდებისთვის კონკურსი – „Big Idea Challenge მოაწყო, რომელმაც კონკურსანტებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან შესაძლებლობა მისცა მსოფლიოს თავიანთი ინოვაციური სტარტაპების იდეები გააცნონ. კონკურსი ვიდეოფიჩინგის ხასიათისაა და მის საფუძველზე კონკურსისთვის სპეციალურად 300-ზე მეტი პროექტი შეიქმნა, რომელთაგან 53 საქართველოდანაა.
როგორც “კვირას” ბრიტანეთის საბჭოდან აცნობეს, კონკურსი სამ კატეგორიას მოიცავდა: ციფრული ტექნოლოგიები, სოციალური გავლენა და შემოქმედებითი იდეები. ფინალისთვის, რომელიც 17 ივლისს 17:00 საათზე გაიმართება, თითოეული კატეგორიიდან სამი პროექტი შეირჩა. შესაბამისად, სულ 9 ფინალური პროექტია. გამოვლინდება თითო გამარჯვებული თითოეულ კატეგორიაში; ამ სამიდან კი გამოვლინდება „ქვეყნის ჩემპიონი“.
​”საყურადღებოა, რომ 14 ივლისამდე მიმდინარეობდა ინტერნეტკენჭისყრა, რომელშიც 63 პროექტიდან 9 ქართული გუნდი მონაწილეობდა. ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ონლაინ ენახა ფინალისტების ვიდეოები და ხმა მიეცა თავისი ფავორიტისთვის.
თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულები მიიღებენ მენტორებისა და მარკეტოლოგების დახმარების პაკეტებს იდეების განსავითარებლად, ხოლო ქვეყნის ჩემპიონს გადაეცემა ფულადი პრიზი და მიეცემა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ბრიტანეთში, კერძოდ ოქსფორდში გამართულ შეხვედრაში, სადაც შვიდი ქვეყნის საბოლოო გამარჯვებული – „მსოფლიო ჩემპიონი“- დასახელდება.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საქართველოში გამართულ ფინალურ ღონისძიებაზე მიზნობრივად მოწვეულნი არიან სტუმრები, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ ავტორებისგან გაეცნონ ცხრავე იდეას და დაინტერესების შემთხვევაში ახალგაზრდა ინოვატორებს თანამშრომლობა შესთავაზონ.
შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის – ხუთწლიანი ინიციატივა, რომელიც 2018 წელს დაიწყო, ამჯერად უნივერსიტეტებისა და შემოქმედებით ინსტიტუციების კიდევ 12 საერთაშორისო პარტნიორობას დააფინანსებს. თითოეული შერჩეული პარტნიორობა მიიღებს 40000 ფუნტამდე გრანტს.
პროგრამა მიზნად ისახავს სამეწარმეო უნარებისა და შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარებას დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით შვიდ ქვეყანაში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი), ცენტრალურ აზიაში (უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი) და უკრაინაში. მთავარი ბენეფიციარები არიან უნივერსიტეტების სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ახალგაზრდა მეწარმეები.
გვჯერა, რომ ეს ახალი ინიციატივა მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოში კრეატიული ეკონომიკის განვითარებას და ახალგაზრდები იმ ცოდნასა და უნარებს შეიძენენ, რომელთა საშუალებითაც ისინი კონკურენტუნარიანები გახდებიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია პროგრამა, ხელს შეუწყობს ქართულ-ბრიტანული საუნივერსიტეტო და ინსტიტუციური თანამშრომლობების ჩამოყალიბებას და განვითარებას”,-ნათქვამია ბრიტანეთის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის ​ბრიტანეთის საბჭო – დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წამყვანი საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციაა. მათი საქმიანობის არეალი მოიცავს ხელოვნებისა და კულტურის, ინგლისური ენის სწავლების, განათლებისა და საზოგადოებრივი განვითარების სფეროებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. გასულ წელს მათ პირისპირ კავშირი ჰქონდათ 65 მილიონზე მეტ ადამიანთან, ხოლო მათმა აუდიტორიამ ონლაინ, ტელე და რადიო მაუწყებლობით თუ პუბლიკაციებით 731 მილიონს მიაღწია. ბრიტანეთის საბჭო ცდილობს წვლილი შეიტანოს იმ ქვეყნების განვითარებაში, რომლებთანაც თანამშრომლობს, რათა სხვადასხვა შესაძლებლობის შეთავაზების, კავშირების დამყარებისა და ნდობის განმტკიცების გზით ხელი შეუწყოს პოზიტიურ ცვლილებებს ადამიანების ცხოვრებაში. ბრიტანეთის საბჭო 1934 წელს შეიქმნა, როგორც ბრიტანული საქველმოქმედო საჯარო ორგანიზაცია, რომელიც სამეფო ქარტიით britishcouncil.org ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები