გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჰაერში ტყვიის მონიტორინგის ახალი შედეგები გამოაქვეყნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერში ტყვიის მონიტორინგს აგრძელებს.
თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. როგორც “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდისა (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
“9 ივლისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ თბილისში წერეთლის გამზირზე 1,3-ჯერ, 10 და 12 ივლისს რუსთავში 1,1-ჯერ, ხოლო 11 ივლისს ისევ რუსთავში – უმნიშვნელოდ, 13, 14 და 15 ივლისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე და ქუთაისში 1.2-ჯერ, ხოლო თბილისში ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ, ხოლო ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ.
თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ოთხ ლოკაციაზე: პეკინის გამზ. მე-2 კვ. ბაგა-ბაღი N74; კიევის ქ.N4, საჯარო სკოლა N30; კიევის ქ. N2, საბავშვო ბაგა-ბაღი; ჩიტაიას ქ.N 69, საბავშვო ბაგა-ბაღი. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე – www.nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.