N6 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები გადაეცა

0

“წიგნი ციხის ბიბლიოთეკას” – ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ“ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ ერთად ჩაატარა. კამპანიის ფარგლებში ორივე უწყების წარმომადგენლები N6 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და წიგნების გადასცეს.
როგორც “კვირას” სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, თათია ხოჭოლავას განცხადებით, კამპანია იუსტიციის მინისტრის ინიციატივითა და, უშუალოდ, მსჯავრდებულთა თხოვნით დაიგეგმა. მასში ორივე უწყების თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვნენ და 330-მდე წიგნი შეგროვდა.
„პენიტენციურ დაწესებულებაში მრავალფეროვან და განახლებულ ბიბლიოთეკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეაბილიტაციის პროცესში, N6 დაწესებულების ბიბლიოთეკა კი ყველაზე მეტად საჭიროებდა განახლებას. წიგნი არა მხოლოდ ცოდნისა და ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალებაა, არამედ იგი მსჯავრდებულს დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს.
კამპანიის ფარგლებში შეგროვებული წიგნები თემატიკისა და ჟანრის მიხედვით გადაირჩა. ყველაზე მეტი წიგნი N6 დაწესებულებას ერგო, ხოლო წიგნების ნაწილი N5 (ქალთა) და N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებების ბიბლიოთეკებს გადაეცემა. დარწმუნებული ვარ, კამპანიის ფარგლებში შეგროვებული წიგნები საინტერესო იქნება მოცემულ დაწესებულებებში განთავსებული პატიმრებისთვის“, – განაცხადა თათია ხოჭოლავამ, რომელმაც საზოგადოებას აღნიშნულ კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდა.
მეექვსე დაწესებულების ბიბლიოთეკის განახლებაში დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თითქმის ყველა თანამშრომელი მონაწილეობდა. ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა ახლადგამოცემული შემეცნებით-საგანმანათლებლო და მხატვრული ლიტერატურა. მათ შორის არის როგორც თანამედროვე, ისე – კლასიკოსი ავტორების მიერ შექმნილი ნაწარმოებების მრავალტომეულები, სათავგადასავლო ლიტერატურა და სხვა. პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების მხარდამჭერი კამპანია მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი