მამუკა ბახტაძე: მთის განვითარების ახალი სტრატეგია პარტნიორებთან ერთად შევიმუშავეთ, რომელშიც თითოეული ნიუანსია გათვალისწინებული

0

“პარტნიორებთან ერთად შევიმუშავეთ მთის განვითარების ახალი სტრატეგია 2019-2023 წლებისთვის, რომელიც არის კიდევ უფრო ამბიციური, მასში გათვალისწინებულია თითოეული ნიუანსი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს – საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2019-2023 წლებში.
„ზუსტად ხუთი წლის წინ, 2014-2015 წლებში, მოგეხსნებათ, დავიწყეთ მუშაობა მთის კანონზე. ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი დაპირება და, ამავე დროს, მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან. ჩვენი ულამაზესი ბუნების ორი მესამედი გახლავთ მთა, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შეგვექმნა ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, განგვევითარებინა საქართველოში მთის კურორტები, სოფლები, რომლებიც მდებარეობს მთაში და შეგვექმნა ახალი ენერგია და სიცოცხლე, რომ მთაში ცხოვრება ყოფილიყო შესაბამისი და მდგრადი. ვფიქრობ, მთის კანონმა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები უკვე მოგვცა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
​როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, 2016-2019 წლებში მაღალმთიანი განვითარების ფონდის ბიუჯეტმა 86 მლნ ლარი შეადგინა.
„წლების განმავლობაში ეს თანხა მოხმარდა ინფრასტრუქტურას, სოფლის მეურნეობას, სხვადასხვა სოციალური პროექტის დაფინანსებას. კანონის ამოქმედებიდან დღემდე სოციალური პროგრამების ფარგლებში გაიცა, დაახლოებით, 185 მლნ ლარი. აქედან შვილის დაბადებისას ფულადი დახმარების სახით 15 ათასმა ბენეფიციარმა მიიღო 23 მლნ ლარზე მეტი, საპენსიო დანამატი გაიცა 82 მლნ ლარის ოდენობით, სოციალური პაკეტები 11 მლნ ლარის მოცულობით, სამედიცინო პერსონალისთვის დანამატებმა შეადგინა 12 მლნ ლარი, ელექტროენერგია, დაახლოებით, 20 მლნ ლარით აუნაზღაურდა 90 ათასამდე ბენეფიციარს. მასწავლებლებსა და მწვრთნელებზე დანამატის სახით გაიცა 34 მლნ ლარი. კანონით გათვალისწინებული შეღავათებით უკვე ისარგებლა 300 ათასმა საწარმომ და 20 ათასზე მეტმა ფიზიკურმა პირმა. ეს გახლდათ პირველი ნაბიჯი.
ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევიმუშავეთ მთის განვითარების ახალი სტრატეგია 2019-2023 წლებისთვის, რომელიც გახლავთ კიდევ უფრო ამბიციური. მასში გათვალისწინებულია თითოეული ნიუანსი, რომელიც გვაჩვენა პირველმა პროექტმა, რომ იყო აუცილებლად გასაკეთებელი. ეს არის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც ახალ დონეზე აიყვანს მთის განვითარებას საქართველოში. ამ ხედვის მისაღწევად აუცილებელი იქნება მაღალმთიან რეგიონებში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სამეწარმეო საქმიანობის განვითარება, დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა კიდევ უფრო მასშტაბური პროექტებით, ჯანდაცვისა და სხვა ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება, საჯარო სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის ზრდა. თითოეული ამ მიზნის უკან არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს გაზრდილ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, კერძოდ, სასწრაფო დახმარების შენობების მშენებლობაში, ამბულატორიების მშენებლობაში, საბავშვო ბაღების, სკოლების, გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია და ასე შემდეგ.
დღეს მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებების რაოდენობა არის 1 700-ზე მეტი და თითქმის 250 ათასი ადამიანი სარგებლობს ამ სტატუსით. საქართველოს მიერ დამტკიცებული მთის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შემდეგ 300 ათასზე მეტი მთის მცხოვრებისთვის რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვლება უკეთესობისკენ. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი ძალიან კარგ შედეგებს მოგვიტანს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი