ბესელია ქუცნაშვილზე: ეს ერთ-ერთი მძაფრი მაგალითი იქნება შემდგომი პარლამენტისა და დეპუტატებისთვის

“ზაქარია ქუცნაშვილის შემთხვევა შემდგომი პარლამენტისა და დეპუტატებისთვის, ალბათ, ერთ-ერთი მძაფრი მაგალითი იქნება, რამდენად დიდი გააზრება სჭირდება ნებისმიერ იმ გადაწყვეტილებას, რომლებსაც ჩვენ, პარლამენტის წევრები ვიღებთ”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საუბრისას განაცხადა.
თუმცა, ბესელიამ ზაქარია ქუცნაშვილთან დაკავშირებით კომენტარისგან თავი შეიკავა.
„გულწრფელად  რომ გითხრათ, არ მომწონს კოლეგებზე აუგის თქმა, განსაკუთრებით, ვინც მიდის. შეიძლება, ხშირად კრიტიკული პოზიციით გამოვსულვარ, მაგრამ როდესაც კოლეგის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მალე გადაწყდება და, ალბათ, გადაწყვეტილება სესიაზეც მიიღება, იმაზე მეტს ვერ ვიტყვი, ვიდრე 20 ივნისის ღამემ თქვა, როდესაც ფატალური შეცდომა იყო დაშვებული იმ უპასუხისმგებლო და, გაუაზრებელი ქმედებების გამო, რომელმაც ჩვენი ქვეყნის თავმოყვარეობას, ღირსებასა და ისტორიას შეურაცხყოფა მიაყენა. არ მინდა, უფრო მეტად დავამძიმო დღეს, როცა ეს საკითხი უკვე საპროცედურო კომიტეტზე იხილება. ზაქარია ქუცნაშვილმა ეს პასუხისმგებლობა აიღო და განაცხადი გააკეთა, რომ პარლამენტს ტოვებს. რაც მგონია, რომ შემდგომი პარლამენტისთვის და დეპუტატებისთვის, ალბათ ერთ-ერთი მძაფრი მაგალითი იქნება, რამდენად დიდი გააზრება სჭირდება ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომლებსაც ჩვენ, პარლამენტის წევრები ვიღებთ“, – თქვა ბესელიამ.
მისივე თქმით, უფლებამოსილების შეწყვეტა ქუცნაშვილის განცხადებით ხდება და არა – იძულებით.
„ეს რომ მისი განცხადებით არ იყოს, ამაზე ყოველ შემთხვევაში ვიფიქრებდი, მაგრამ  როცა ეს მისი განცხადებით ხდება, ჩვენ რეგლამენტში პირდაპირ გვიწერია, რომ დეპუტატს უფლებამოსილება უწყდება მისი განცხადების საფუძველზე. ახლა ეს ფორმალური პროცესია და მხოლოდ დადასტურება სჭირდება, მეტი არაფერი“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი უკვე დაუჭირა. ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა საკუთარი სურვილით  20 ივნისს  მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის გარშემო განვითარებული პროცესების გამო  მოითხოვა. ქუცნაშვილი ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები