ქართული კულტურისა და განვითარებული მოვლენების გამიჯვნა – რუსი დეპუტატების მორიგი მოთხოვნა

რუსეთის დუმის კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ელენა იამპოლსკაია მიიჩნევს, რომ დროა, მოხდეს ქართული კულტურისა და იმ რეალობის გამიჯვნა, რომელიც დღეს არის შექმნილი.
მისი განმარტებით, მოსაზრება, რომ თუ საქართველოსთან კავშირები საბოლოოდ გაწყდება დაიკარგება ის, რაც რუსებს ძალიან უყვართ – ქართული სიმღერა, საცივი, „მიმინო“ და სხვა – არასწორია.
მისი თქმით, ქართული კულტურა რუსებისთვის არასდროს დაიკარგება, რადგან ის უკვე გამჯდარია მათში.
„ჩვენ, რუსები, გავიზარდეთ რუსულ კულტურაში, ძალიან მგრძნობიარე ვართ სილამაზის მიმართ და ვართ ძალიან სენტიმენტალურები. ვფიქრობ, ჩვენი მიდგომა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის საბოლოო გაწყვეტა დაუშვებელია, რადგან ქართველები ძალიან ნიჭიერი ერია – არასწორია. ჩვენ გვგონია, რომ თუ საქართველოს მივცემთ უფლებას, ჩვენთან ურთიერთობა საბოლოოდ გაწყვიტოს, ამით დავკარგავთ ყველაფერს, რაც გვიყვარს – დაწყებული ქართული სიმღერით, დამთავრებული საცივით, მოკლემეტრაჟიანი ფილმებით, „მიმინოს“, დანელიას, ტოვსტონოგოვს- ყველაფერ იმას, რითაც გაჟღენთილი ვართ. უნდა გამოვიდეთ ამ სენტიმენტალურობიდან და გავმიჯნოთ ყველაფერი ერთმანეთისგან“, – აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, ქართული კულტურა რუს ხალხში სამუდამოდ დარჩება, მაგრამ აღნიშნა, რომ საქართველოში დღეს განვითარებული მოვლენები სრულ განუვითარებლობაზე მეტყველებს.
„ჩვენი პრეზიდენტი ძალიან განვითარებული, თანამედროვე ადამიანია. ის ძალიან ლმობიერია. ეს მის ღირსებას უსვამს ხაზს, ჩვენს ღირსებას“, – განაცხადა დუმის დეპუტატმა.
საქართველო-რუსეთს შორის ივნისში ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მართლმადიდებელთა საერთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, ასამბლეის თავმჯდომარემ, დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მაშინდელი სპიკერის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და დამსწრე საზოგადოებას რუსულ ენაზე მიმართა.
აღნიშნულმა ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. იმავე დღის ბოლოს გავრილოვს თბილისი საგანგებოდ დაატოვებინეს.
თუმცა, სამოქალაქო ვნებათაღელვა საპროტესტო აქციაში გადაიზარდა. მთავრობამ აქციის მონაწილეთა სამი მოთხოვნა დააკმაყოფილა, მაგრამ შეკრებილები არ იშლებიან, მათი თქმით, მეოთხე მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე, რომელიც შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები