მამუკა ბახტაძე: სექტემბრიდან ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს „დედა ენას” და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები ისევ ისე შეიყვარებენ მას, როგორც უყვარდათ წინა თაობებს

0

“დღეს ამ უმშვენიერესი ადგილიდან, ვარიანიდან მინდა, მივაწოდო ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ვარიანში  განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იაკობ გოგებაშვილის ეპოქაში ქართული ენა დიდი გამოწვევის წინაშე იდგა და ქართველმა პატრიოტებმა შეძლეს და შექმნეს წიგნი, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას.
„აქ დაიბადა დიდი ქართველი, რომელმაც შექმნა თითოეული ჩვენგანისთვის უსაყვარლესი წიგნი – „დედა ენა”. ადამიანი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ისტორიულ მისიაში, რასაც ერქვა ქართული ენის გავრცელება. ჩვენ დღეს ვიმყოფებით იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმთან და მინდა, აქედან მივესალმო სრულიად საქართველოს. ეს იყო ეპოქა, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნამდვილი პატრიოტი ადამიანების ერთად დგომა. ეს იყო უდიდესი გამოწვევა მაშინდელი საქართველოსთვის, როდესაც ქართული ენა იდგა გადაშენების პირას და ქართველმა პატრიოტებმა შეძლეს შეუძლებელი. მათ შეძლეს და შექმნეს წიგნი, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას, რომელმაც შეგვინარჩუნა ყველაზე წმინდა, ქართული ენა და ქართული ანბანი. როდესაც იაკობ გოგებაშვილი თავის წიგნს წერდა, მას სწორედ ეს განზრახვა ჰქონდა, რომ ეს წიგნი გადასცემოდა თაობიდან თაობას, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა ყველაზე წმინდა – ჩვენი ენა და ანბანი. შემდეგ მთელი ქართული განათლების სისტემა დაეფუძნა სწორედ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის” პრინციპებს და ეს წიგნი თითოეული ქართველისთვის არის წმინდა და სათაყვანებელი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმინისტრის თქმით, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა” ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან, რამაც საზოგადოების სამართლიანი და ობიექტური გულისწყრომა გამოიწვია.
„მაშინდელი ეპოქისთვის და მაშინდელი პატრიოტებისთვის წერა-კითხვის გავრცელება იყო ეროვნული იდეა. ისინი სწორედ წერა-კითხვის გავრცელებაში ხედავდნენ ქართველი ერის გადარჩენას. დღეს ჩვენც გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება. საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებული იქნება, ბიუჯეტის მეოთხედი – 25 პროცენტი მიმართოს განათლებაზე. ეს არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო შედგება როგორც წარმატებული და ერთიანი ქვეყანა 21-ე საუკუნეში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც შეძლო, რომ ჩვენ ქართულ სკოლებში დაგვებრუნებინა „დედა ენა”. სექტემბრიდან ყველა პირველ კლასელი უფასოდ მიიღებს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას” და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები ისევე, როგორც მომავალი თაობები შემდეგი საუკუნეების განმავლობაში ისევ შეიყვარებენ ქართულ „დედა ენას”, ისევე, როგორც უყვარდათ ჩვენ წინა თაობებს და ისევე, როგორც გვიყვარს ჩვენ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ
იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა” სკოლებში 2019-2020 სასწავლო წლიდან ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება.
სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა და მას ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე უფასოდ მიიღებს.
ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, ხოლო ეროვნული კატეგორია 2014 წელს განესაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი