ადა მარშანია: მოსკოვში პარტიული მივლინებით ურმით მივდივართ, „ჩერეზ“ ერევნით

„მოსკოვში პარტიული მივლინებით ურმით მივდივართ, „ჩერეზ“ ერევნით“, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ალიანსის წევრების თქმით, ისინი მოსკოვში პარტიის ხარჯებით მიდიან. მარშანიას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებამ საზოგადოება გამოაფხიზლა იმ თვალსაზრისით, რომ გაიაზრეს, რა უმძიმეს მდგომარეობაშია ქვეყნის გამთლიანების საკითხი და რეგიონში პროცესები.
„ვლადიმერ პუტინის განცხადებაში ყველაზე მძიმე ჩვენი მოსახლეობისთვის გენოციდზე საუბარი იყო. უნდა გესმოდეთ, რომ მოლაპარაკებას ასეთ მძიმე ფონზე თავისი სტრატეგია და ტაქტიკა აქვს. თუ ადამიანთან სალაპარაკოდ მიდიხარ, აქედან გარკვეული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. პრინციპში, ზოგადად, პუტინის განცხადებას მივესალმებით, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მძიმედ აღიქვა მისი პასაჟი გენოციდზე. დავაფიქსირებთ და ვიტყვით, რომ ასე არ მიგვაჩნია საქართველოში.
აფხაზეთში დედის მხრიდან 13 ნათესავი მომიკლეს, ეს საჯაროდ არასოდეს მითქვამს. აფხაზებიც მიიჩნევენ, რომ ქართველებმა გენოციდი მოუწყვეს. ძალიან მძიმე ფონია და ნუ გგონიათ, რომ ცალმხრივად ვიხარშებით რაღაც ამბებში, თემები მითოლოგიზებულია და რეალობას მოწყვეტილნი ვართ. პუტინის განცხადებამ გამოგვაფხიზლა იმ თვალსაზრისით, რომ გავიაზროთ, რა უმძიმეს მდგომარეობაში არის ქვეყნის გამთლიანების საკითხი და რეგიონში პროცესები. კონფლიქტზე ცალმხრივ გაშუქებას მივეჩვიეთ. თავის დროზე რატომ მოხდა კონფლიქტი აფხაზეთში და, ფაქტობრივად, კონფლიქტის ისტორია, არავინ იცის. პროფესიონალურ დონეზე არ ვგულისხმობ, ზოგადად არ ვიცით. სამწუხაროა, რომ ჩვენი არხები ამას სათანადო დროს არ უთმობენ ტელესივრცეში“, – განაცხადა ადა მარშანიამ.
ცნობისათვის, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები