„პატრიოტთა ალიანსი” მოსკოვში ვიზიტზე: „თუ პირველი ნაბიჯი არ გადავდგით, ხვალ კიდევ უფრო დავშორდებით აფხაზეთსაც და ოსეთსაც“

„დარწმუნებულები ვართ, რომ მოსკოვში ჩვენი ვიზიტი ქვეყანას სიკეთეს მოუტანს“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლომაიას თქმით, მისი პარტია, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენაზე მსჯელობასა და სანქციების მოხსნაზე საუბარს გეგმავენ.
მისივე განცხადებით, მოსკოვში შეხვედრებს ის, ადა მარშანია და გოჩა თევდორაძე გამართავენ და ლეონიდ კალაშნიკოვს შეხვდებიან, ასევე, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს – კონსტანტინ კოსაჩოვს.
ლომია აცხადებს, რომ თბილისში 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, რუსეთთან ისედაც რთული ურთიერთობა უფრო დაიძაბა.
„გზავნილები შეწყდა, 40 ათასზე მეტი ჯავშანი გაუქმდა, პირდაპირი ფრენა შეწყდა. ასევე, ჩვენი პროდუქცია აღარ გავა რუსეთის ფედერაციაში, ანუ, ფაქტობრივად, სერიოზული ეკონომიკური ზარალი განვიცადეთ. „პატრიოტთა ალიანსმა“ გადაწყვეტილება მიიღო, მოსკოვში ჩასულიყო, სადაც რუს კოლეგებს უნდა შევხვდეთ, რათა რამენაირად საქართველოს წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები შევარბილოთ და, საბოლოოდ, საერთოდ მოვახსნევინოთ. დარწმუნებული ვართ, რომ მოსკოვში ჩვენი ვიზიტი ქვეყანას სიკეთეს მოუტანს“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.
ლომია მიიჩნევს, რომ დღევანდელ რეალობაში დიალოგის გარეშე არაფერი კეთდება.
„რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მას არ სურს, სანქციები აამოქმედოს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დუმამ მთავრობას სასანქციო პაკეტი მაინც გადაუგზავნა. მოსკოვში ზუსტად იმისთვის ჩავდივართ, რომ ჩვენს რუს კოლეგებს პრევენციულად გავესაუბროთ და ვთხოვოთ, სასანქციო პაკეტი გამოიწვიონ, რომ ეს სანქციები არ ამოქმედდეს. დუმის დეპუტატებს ვესაუბრე და მათ დამიდასტურეს, რომ პაკეტი გადაგზავნილია. ახლა ხელისუფლებას სთხოვენ, საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული სანქციები აამოქმედოს. ქუჩებში ქართველების შემოწმება დაიწყეს, გვირეკავენ, რა ხდებაო?! როცა ქართველი ქუჩაში დადის, თუ რეგისტრაცია არ აქვს, დეპორტაციას ექვემდებარებიან. უკვე გარკვეულწილად მოქმედებს სანქციები. ყველანაირი ურთიერთობა ჩაიკეტება, როცა სანქციებს მიიღებენ. დღევანდელ რეალობაში დიალოგის გარეშე არაფერი  კეთდება. თუ პირველი ნაბიჯი არ გადავდგით, ხვალ კიდევ უფრო დავშორდებით აფხაზეთსაც და ოსეთსაც“, – აღნიშნავს ლომია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები