“დიდი შვიდიანის” ორდღიან სამიტს ბრიუსელში რუსეთი არ დაესწრება
დღეს ბრიუსელში, “დიდი შვიდიანის” ქვეყნების ლიდერები რუსეთის გარეშე შეიკრიბებიან. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის ლიდერები რუსეთისთვის სანქციების დაწესების თემასაც განიხილავენ. ორდღიანი სამიტის განმავლობაში, რომელიც 4-5 ივნისს ბრიუსელში გაიმართება, მსოფლიოს ლიდერების განხილვის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იქნება. ისინი ასევე განიხილავენ საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს.
რუსეთი 1997 წელს გაწევრიანდა “დიდ რვიანში”, ხოლო გაწევრიანების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსოფლიო ლიდერები რუსეთის გარეშე შეიკრიბებიან. სამიტის გამართვა თავდაპირველად სოჭში იგეგმებოდა, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო, რუსეთი “დიდი რვიანიდან” გარიცხეს, შეხვედრის გამართვა კი ბრიუსელში გადაწყდა.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი “დიდი შვიდიანის” სამიტს არ დაესწრება, მსოფლიოს ლიდერებს ის 6 ივნისს, საფრანგეთში, ნორმანდიის ბრძოლის 70 წლის იუბილეზე შეხვდება.