„ერთ მხარეს არის რევანშისტული, მეხუთე კოლონა „ნაცმოძრაობის“ სახით, ხოლო მეორე მხარეს – ხელისუფლება, შს მინისტრი და პოლიცია, რომელიც იცავს სახელმწიფოს”

„გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა პასუხისმგებლიანი მინისტრის გამოსვლა, რომელიც არ გაურბის არცერთ კითხვას და, მით უმეტეს, პასუხისმგებლობას”, – აღნიშნა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 11 ივლისის გადაცემის – “რეაქცია” – პირდაპირ ეთერში შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
მამუკა მდინარაძის თქმით, ნიშანდობლივია ისიც, რომ გიორგი გახარიას გამოჩენა კიდევ უფრო მეტ ისტერიკაში აგდებს „ნაციონალურ მოძრაობას“.
„არც სიმართლეა მათ მხარეს და არც ელემენტარული პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ თავიანთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე. ერთ მხარეს არის დესტრუქციული, რევანშისტული, მეხუთე კოლონა „ნაცმოძრაობის“ სახით, ხოლო მეორე მხარეს ხელისუფლება, კონკრეტულ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიცია, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს, იცავს სახელმწიფოსა და მის მომავალს. რა თქმა უნდა, უმძიმესია შემთხევები, როცა მოქალაქეებმა და პოლიციელებმა მიიღეს ძალიან სერიოზული დაზიანებები, რასაც უსწრაფესი გამოძიება და ბოლომდე ზრუნვა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან”, – განმარტა მამუკა მდინარაძემ.
მისი განცხადებით, 20 ივნისს შეუძლებელი იყო „ნაცმოძრაობის“ მიერ ორგანიზებული შტურმის მოგერიება ლეგიტიმური ძალის გამოყენების გარეშე პოლიციელის მხრიდან.
„აუცილებელია, გავარჩიოთ პოლიციის მიერ გამოყენებული ლეგიტიმური ძალა, რომლის საჭიროება არავის მხრიდან  დამდგარა ეჭვქვეშ  და სხეულის დაზიანების ის ფაქტები, რომელთა აუცილებელი გარემოებები შესაძლოა, არ იყო, რაზეც გამოძიებამ ძალიან მალე უნდა გაგვცეს კონკრეტული პასუხები”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები